NATO-ფინეთი

ტუპურაინენი: დიდი ალბათობით, ფინეთის პარლამენტი NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ტიტი ტუპურაინენი Sky News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ფინეთის პარლამენტი NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

"როგორც ჩანს, ფინეთის მოსახლეობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანების მომხრეა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ საპარლამენტო დემოკრატია ვართ, შესაბამისად, საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს. ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ დიდი ალბათობით პასუხი დადებითია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია" - ამბობს ტიტი ტუპურაინენი.

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში "სასტიკი" უწოდა. რაც შეეხება რუსეთის მტრულ რიტორიკას ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, იგი განმარტავს:

"ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად წარმართოს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა. რასაც რუსეთი ამბობს, რა თქმა უნდა გვესმის, მაგრამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ჩვენი ინტერესების შესაბამისად მივიღებთ" - თქვა ტიტი ტუპურაინენმა.

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ფინელები NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში მიიღებენ.

გასულ დღეებში სანა მარინმა აღნიშნა, რომ დროა ფინეთმა შეიცვალოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული აქამდე არსებული აზრები. 

"რუსეთი არ გამოდგა მეზობელი, როგორიც გვეგონა რომ იყო... ვფიქრობ, ძალიან ფრთხილი განხილვები გვექნება, თუმცა ამ პროცესს იმაზე მეტ დროს არ მოვანდომებთ, ვიდრე გვჭირდება, რადგან სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა". – თქვა ფინეთის პრემიერმა. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები