ფულადი გზავნილები

იტალია, რუსეთი, აშშ – ქვეყნები, საიდანაც მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 193.1 მლნ აშშ დოლარი (625.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2.6%-ით (4.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 44.61% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 53.39% კი დანარჩენ ქვეყნებზე. ბუნებრივია, ომის გამო გზავნილების ათეულში აღარ არის უკრაინა. ის ესპანეთმა ჩაანაცვლა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. იტალია - 36.5 მილიონი დოლარი;
  2. რუსეთის ფედერაცია - 27 მილიონი დოლარი;
  3. აშშ - 25.64 მილიონი დოლარი;
  4. საბერძნეთი - 18.95 მილიონი დოლარი;
  5. ისრაელი - 16.97 მილიონი დოლარი;
  6. გერმანია - 11.31 მილიონი დოლარი;
  7. თურქეთი - 8.38 მილიონი დოლარი;
  8. ყაზახეთი - 7.55 მილიონი დოლარი;
  9. აზერბაიჯანი - 4.76 მილიონი დოლარი.
  10. ესპანეთი - 4.69 მილიონი დოლარი

2022 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მარტის (24.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით ნაკლებია.


2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

კომენტარები