NATO-რუსეთი

მედვედევი: თუ ფინეთი-შვედეთი NATO-ში შევლენ, საზღვარზე ძალებს გავაძლიერებთ

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, თუ რას იზამს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანდებიან. 

"თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, ალიანსის სახმელეთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან ორზე მეტჯერ გაიზრდება. ბუნებრივია, საჭირო იქნება ამ საზღვრების გამაგრება, სახმელეთო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, ფინეთის ყურის წყლებში მნიშვნელოვანი საზღვაო ძალების განლაგება. ასეთ შემთხვევაში, ბალტიის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება – ბალანსი უნდა აღდგეს". – თქვა მედვედევმა. 

მედვედევის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლით, რუსეთის ოფიციალური მოწინააღმდეგეების რიცხვი გაიზრდება. 

"ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ეყოლება მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე". – აღნიშნა მედვედევმა.

ფინეთი და შვედეთი აქტიურად განიხილავენ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას და განაცხადი, შესაძლოა, ამ წლის ზაფხულში წარადგინონ.


2022 წლის დასაწყისში, რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტის სიტყვა საკუთარ მიმართვაში განავრცო ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წარსულით ვისწავლეთ. უარს არ ვიტყვით მოქმედების თავისუფლებაზე", – თქვა მარინმა და დაამატა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება აქვს.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

კომენტარები