NATO

The Times: ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნას ზაფხულში აპირებენ

ბრიტანული მედიის, The Times-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნას ამ წლის ზაფხულში აპირებენ.

მედიასთან ანონიმურმა ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რუსეთმა "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა.

აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, ამ ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ბოლოს გამართულ მინისტერიალებზე "რამდენიმე სესიისა და საუბრების მთავარ თემას წარმოადგენდა".

ფინეთის მხრიდან NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნას ივნისში ელოდებიან, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვება შვედეთის თხოვნაც. 

გასულ დღეებში ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ დროა ფინეთმა შეიცვალოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული აქამდე არსებული აზრები. 

"რუსეთი არ გამოდგა მეზობელი, როგორიც გვეგონა რომ იყო... ვფიქრობ, ძალიან ფრთხილი განხილვები გვექნება, თუმცა ამ პროცესს იმაზე მეტ დროს არ მოვანდომებთ, ვიდრე გვჭირდება, რადგან სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა". – თქვა ფინეთის პრემიერმა. 

პარალელურად, საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვის პროცესშია შვედეთიც, რაც მომდევნო თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

"არანაირად გამოვრიცხავ [NATO-ში] გაწევრიანებას". – თქვა ორი კვირის წინ შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა. 

6 აპრილს გამართულ NATO-ს მინისტერიალზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ განიხილავდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.


2022 წლის დასაწყისში, რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტის სიტყვა საკუთარ მიმართვაში განავრცო ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წარსულით ვისწავლეთ. უარს არ ვიტყვით მოქმედების თავისუფლებაზე", – თქვა მარინმა და დაამატა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება აქვს.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

კომენტარები