რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანის თქმით, მოსალოდნელია, რუსეთის ახალმა გენერალმა მოსახლეობაზე თავდასხმები განაგრძოს

CNN

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსეთის უმაღლესმა გენერალმა, რომელიც უკრაინაში ომის ხელმძღვანელი ახლახან გახდა, განახორციელოს სასტიკი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. 

"კონკრეტულად ამ გენერალს აქვს რეზიუმე, რომელიც იტევს სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სისასტიკეს, მოსალოდნელია, რომ უკრაინაშიც იმავეს მიჰყოს ხელი [...] ეს გენერალიც უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და სისასტიკის კიდევ ერთ შემოქმედად იქცევა". - თქვა სალივანმა.

გუშინ, 9 აპრილს BBC-იმ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ხელმძღვანელობა შეცვალა. წყაროს თქმით, ამიერიდან რუსეთის სამხედრო ოპერაციებს გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს. იგი, მანამდე, ოპერაციებს სირიაში ხელმძღვანელობდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები