რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა

გაერომ რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა. გარიცხვის მომხრე 93 წევრი იყო, წინააღმდეგი - 24, 58-მა თავი შეიკავა.   

წინააღმდეგი იყვნენ - ალჟირი, ბელარუსი, ბოლივია, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩინეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ეთიოპია, გაბონი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ვიეტნამი, ზიმბაბვე. 

თავი შეიკავა - ანგოლა, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელიზი, ბჰუტანი, ბოტსვანა, ბრაზილია, ბრუნეი, კაბო-ვერდე, კამბოჯა, კამერუნი, ეგვიპტე, ელ სალვადორი, ესვატინი, გამბია, განა, გვინეა-ბისაუ, გაიანა, ინდოეთი, ინდონეზია, ერაყი, იორდანია, კენია, ქუვეითი, ლესოთო, მადაგასკარი, მალაიზია, მალდივები, მექსიკა, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ნიგერი, ნიგერია, ომანი, პაკისტანი, კატარი, სეინტ კიტსი და ნევისი, სეინტ ვინსენტი და გრენადინები, საუდის არაბეთი, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ სუდანი, შრი ლანკა, სუდანი, სურინამი, ტაილანდი, ტოგო, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, უგანდა, გაერთიანებული არაბთა საემიროები, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ვანუატუ ვენესუელა, იემენი ზამბია. 

გაეროს გენერალური ასემბლეის განცხადებით, "ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლება  შეუჩერდება საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას ჩაიდენს".  

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვა 5 აპრილს მოითხოვა

"რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ავტორიტეტული პოზიცია იმ საბჭოში, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობას. ეს არა მხოლოდ თვალთმაქცობაა, არამედ საშიშიცაა". - თქვა ელჩმა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. ბუჩიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩებში დახოცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები