ილონ მასკი

9.2%-ით ილონ მასკი Twitter-ის უმსხვილესი აქციონერი ხდება

EPA

Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა $3 მილიარდის ღირებულების Twitter-ის აქციების 9.2% შეიძინა, რაც მას კომპანიის უმსხვილეს აქციონერად აქცევს. აღსანიშნავია, რომ მასკის შენაძენი ოთხჯერ აღემატება დამფუძნებლის, ჯეკ დორსის 2.25%-ს.

მანამდე, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ "სერიოზულად ფიქრობდა" ახალი სოციალური პლატფორმის შექმნას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა Twitter-ის ერთგულებას სიტყვის თავისუფლების მიმართ. მან, ასევე, საკუთარ გამომწერებს ჰკითხა, სურთ თუ არა რედაქტირების ფუნქცია სოციალური მედიის პლატფორმაზე მუშაობისას. რასაც მოჰყვა აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის პასუხი - "ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანია. ყურადღებით მიეცით ხმა". 

მასკი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი თანხმდებიან ე.წ. Web3-ზე - ინტერნეტის დეცენტრალიზებულ ვერსიაზე. დორსმა, რომელიც ფლობდა აქციათა 2%-ზე მეტს, აღმასრულებელი დირექტორის პოსტი გასულ წლის ნოემბერში დატოვა.

"მასკის რეალური ინვესტიცია მისი სიმდიდრის ძალიან მცირე პროცენტია და კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვა გამორიცხული არ არის" - წერს ანალიტიკოსი, ანჯელო ზინო. 

Twitter-ის აქციები 27.1%-ით, $49.97-მდე გაიზარდა. 

კომენტარები