უკრაინის მხარდამჭერი აქცია

ანტიპუტინისტური როკ ბენდი SONIC DEATH უკრაინის მხარდამჭერ აქციას უერთდება

Flow

ანტიპუტინისტური რუსული ინდი როკ ბენდი Sonic Death აქციას უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის უერთდება.

Sonic Death-ის დამფუძნებელია არსენიი მოროზოვი. მოროზოვი განვლილი დეკადის, რუსეთის ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი სხვა ცნობილი პროექტებია Arseniy The Baptist და Padla Bear Outfit. მოროზოვის ბენდები ყოველთვის სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეხმაურება, რის გამოც მუსიკოსს საკონცერტო და სატელევიზიო სივრცის გარეთ მოღვაწეობა უწევს. პოლიტიკურად გამორჩეულად აქტიური იყო 2010-2011 წლებში Padla Bear Outfit, რომელიც ანტიპუტინისტურ საპროტესტო აქციებს ცოცხალი მუსიკით აფორმებდა. 

არსენი, ცოლთან, დიანასთან ერთად, რომელიც ასევე Sonic Death-ის ბასისტია, თბილისში იმყოფება. წყვილის თქმით, უკრაინაში ომი და რუსეთში რეპრესიების ახალი ტალღა უკანასკნელი წვეთი გახდა, რომელმაც სამშობლოს დატოვება გადააწყვეტინა.

"უკრაინაში შეჭრა გახდა ბოლო წვეთი. იქამდე არსებობდა ილუზია იმის შესახებ, რომ რუსეთში ჯერ კიდევ არსებობს ლიბერალური საზოგადოება. ბევრ ჩვენ ნაცნობი და მეგობარი გადაცმულმა სამართალდამცავებმა სახლში დააკავეს. გაითიშა უკანასკნელი ოპოზიციური რადიო Эхо Москвы, რომელსაც, ფაქტობრივად, სულ ვუსმენდით. რუსეთში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს ორი გზა დაუტოვეს: ციხე ან გაქცევა. სხვა ნებისმიერი ქმედება დუმილის, ანუ ღირსების დაკარგვის ტოლფასია. იქ ცხოვრებით ძალაუნებურად მხარს უჭერ სახელმწიფოს, იხდი გადასახადებს, აძლიერებ საომარ მანქანას. შექმნილია ეკონომიკური სტაბილურობის ილუზია, რომლისაც უმეტესობას სჯერა. ვფიქრობ, თავისუფალი სამყარო გვიან მოვიდა გონს, რუსეთი მკაცრ სანქციებს ჯერ კიდევ 2008 და 2014 წელს იმსახურებდა. 

ჩვენ ბევრი მსმენელი გვყავს უკრაინაში. ოპოზიციური მედიის გაუქმების შემდეგ არაერთმა უკრაინელმა თაყვანისმცემელმა მოგვწერა და თავშესაფარი შემოგვთავაზა. წარმოიდგინეთ, ჩვენი თანამოქალაქეები მათ ხოცავენ, ისინი კი თავშესაფარს გვთავაზობენ. უკრაინელი ხალხი აქამდე არნახულ, ენით აღუწერელ კეთილშობილებას ავლენს". – ამბობს დიანა.

ბენდის ფრონტმენის აზრით, რუსეთის შეცვლის ერთადერთი გზა კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება, მუხლებზე დადგომა და მეზობლებისთვის პატიების თხოვნაა:

"ვიცი, რამხელა ზიანი მიაყენა რუსეთმა საქართველოს, 2008 წელს ვიხილე თბილისისკენ მიმავალი რუსული ტანკები, ეს იყო შოკი, ეს იყო პირველი გააზრება იმისა, რომ დიქტატურაში ვცხოვრობთ, აშკარა გახდა, რომ პუტინი სადავეების ხელიდან გაშვებას არ აპირებდა, მედვედევი კი „ვითომ პრეზიდენტია“. დღესაც ჩემი ქვეყანა აფინანსებს ფაშისტურ ორგანიზაციებს საქართველოში და ცდილობს გახლიჩოს ქართული საზოგადოება. იმისთვის, რომ რუსეთმა დაასრულოს დეიმპერიალიზაცია, რომელიც 1991 წელს დაიწყო, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოუხადოს თავის მეზობლებს და ზოგადად იმ ქვეყნებს, რომლებსაც აწყენინა, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ჩაიდინოს ეს წმინდად ქრისტიანული საქციელი, რათა შემდგომში დაადგეს სულიერი აღორძინების გზას. მე ვიზარებ ჩვენი, როგორც საზოგადოების ბრალს, რომელმაც 20 წელი ითმინა ეს რეჟიმი. ბოდიშს ვიხდი ყველგან, სადაც შემიძლია, ბოდიშს ვიხდი იმ დანაშაულისთვის, რომელსაც რუსი ხალხის სახელით სჩადიან. იქ დარჩენილმა უმეტესობამ, სამწუხაროდ, ამორალური არჩევანი გააკეთა, მე ეს არ შემეძლო, არ შემეძლო ყურება ავტობუსების, რომლებზეც Z ასო იყო გამოსახული, ამიტომ წამოვედი, ჩვენი ბენდი მხოლოდ რუსულ ენაზე მღერის, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცე აღარ გაგვაჩნია, სადაც საკუთარ ნამუშევრებს წარვადგენთ, მიუხედავად ამისა, რუსეთის დატოვება რთული, მაგრამ სწორი ნაბიჯი. დღეს რუსი ასოცირდება იარაღთან და ომთან, ძალიან ბევრი წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ, ამ პირობებში რთულია, გაჩნდეს კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა, იმიტომ, რომ პროპაგანდა მუშაობს. უმეტესობას სჯერა, რომ უკრაინა ათავისუფლებენ, ათავისუფლებენ ბომბებით. უკრაინელები და ქართველები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს არის ერი, რუსეთში კი არის მოსახლეობა და არა ერი. ჩვენ დავკარგეთ ქვეყანა, მაგრამ არ გვაქვს უფლება, თავს ლტოლვილები ვუწოდოთ, ჩვენ ვართ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, ლტოლვილები არიან უკრაინელები, რომელთაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ. სახელმწიფოსთან არასდროს მითანამშრომლია, მაგრამ ვგრძნობ საკუთარ დანაშაულს. ხვალ აუცილებლად ვიდგებით პარლამენტთან და დავიცავთ უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებას". – ამბობს არსენიი.

აქცია უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის 3 აპრილს, 20:00 საათზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ევროპული საქართველო, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი არიან. 

კომენტარები