აშშ მოკავშირეებთან ერთად უკრაინას საბჭოთა წარმოების ტანკებს გადასცემს, რათა უკრაინამ გააძლიეროს თავდაცვა აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში.
"გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ, როგორც შუამავლებმა საბჭოთა წარმოების ტანკების გადასატანად უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნაზე პასუხია". - ამბობს აშშ-ს ოფიციალური პირი.
აშშ-ს ოფიციალური პირის ინფორმაციით, ტანკების გადასხმა მალე დაიწყება, თუმცა, იგი არ ასახელებს დეტალებს ტანკების რაოდენობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აშშ რუსეთ-უკრაინის ომში პირველად გაუგზავნის უკრაინას ტანკებს.
აღმოსავლეთ დონბასის თავდაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ კვირის დასაწყისში, რუსმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ისინი ხელახლა აპირებენ ძალების მობილიზებას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლიდან ებრძვიან უკრაინელ ჯარისკაცებს.
ამის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO იარაღის მიწოდების ნელი ტემპის გამო გააკრიტიკა და მოუწოდა, გარდა ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღებისა, მიაწოდონ ტანკები და თვითმფრინავები.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





