ამნისტიის შესახებ კანონი

რას ითვალისწინებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა II მოსმენით მიიღო

http://www.brodenmickelsen.com

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით (82 მომხრე, 1 წინააღმდეგი) მიიღო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2004 წლამდე ჩადენილი გარკვეული ტიპის დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთამისჯილ პირებს, შესაძლოა, მათი სასჯელი გადაისინჯოს (სსკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილით) ან სასჯელი შინაპატიმრობით/საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალოთ (721-ე მუხლის პირველი ნაწილი). 

პატიმარი, რომლის მიმართაც გავრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ. 

ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია არ შეეხება მსჯავრდებულს, რომელიც გასამართლებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), 137-ე (გაუპატიურება), 141-ე (გარყვნილი ქმედება), 142-1443 (დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ), 164-ე (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება), 179-ე (ყაჩაღობა), 183-ე (განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით), 223-224-ე (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება, ქურდული სამყაროს წევრობა, მისთვის მიმართვა და მისი მხარდაჭერა, ბანდიტიზმი), 236-ე-239-ე (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 253-ე-2552 (პროსტიტუციაში ჩაბმა-არასრულწლოვანისთვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის), 280-ე (ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა), 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), 378-ე-379-ე (პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია-ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა), 404-ე-413-ე (დანაშაული კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ) მუხლებით, აგრეთვე XXXVII (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ) და XXXVIII (ტერორიზმი) თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების "სამართლიანი კომპენსირების" მიზნით, 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი 60 დღით შეუმცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვს დანიშნული/დაენიშნება, პატიმრობის ვადა 30 დღით შეუმცირდება.

ასევე, 2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, აგრეთვე არასრულწლოვან ან 70 წელს გადაცილებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) შეუმცირდება 90 დღით.

პოლიტიკური შეფასებები

კანონპროექტის განხილვას 29 მარტის პლენარულ სხდომაზე კამათი მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიცია ეთანხმება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდ-პანდემიას უკავშირდება, თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებზე ამნისტიას.

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული.

"ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა "საკრალური". რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“, - ამბობს გოცირიძე.

უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ თქვა, რომ მიესალმება ამნისტიის იმ ნაწილს, რაც კოვიდ-ამნისტიას შეეხება, თუმცა მხარს არ უჭერს კანონპროექტის მეორე ნაწილს.

"პატიმრებისთვის ამ პერიოდში მართლაც იყო სერიოზული შეზღუდვები და ამის კომპენსირება ხდება. მივესალმები ამნისტიის ამ წილს, მაგრამ ეს კარგი განზრახვა დამძიმებულია ძალიან არასრულფასოვნად დამუშავებული მეორე ნაწილით, რომელიც ცალკე კიდევ შეიცავს გარკვეულ სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ რისკებსაც რომ თავი დავანებოთ სამართლებრივად არ არის სრულფასოვნად დამუშავებული“, - აღნიშნა შავგულიძემ.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს შეფასებები საკანონმდებლო ორგანოს მიღმაც მოჰყვა. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, "აქ არის საფუძვლიან ეჭვზე უფრო მეტი, რომ კონკრეტულად გამორჩეული "ისტორიული ფიგურებისთვის" კეთდება ეს და არა ზოგადად ამნისტიისთვის". ბოკერია აღნიშნავს, რომ "ეს ადამიანები არიან ისტორიაში გამორჩეულები ოღონდ არა კარგ, არამედ ბოროტების მხარეს, ჩვენი მტრის რუსეთის მხარეს ან უაღრესად კორუმპირებული შევარდნაძის ეპოქის ბოლო ეპოქის სიმბოლოები. დასახელდნენ ისინი: ასლან აბაშიძე, მამალაძე, ეს ფარისევლობა და ეს მოტივებია სწორედ აღსანიშნავი ამაში და ზუსტად ჯდება ივანიშვილის რეჟიმის ბუნებაში".

ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს. წინასწარი პროექტის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებები 2 მაისს უნდა ამოქმედდეს.

კომენტარები