რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ სანქციებს უწესებს მათ, ვინც რუს სამხედროებს ორმაგი დანიშნულების დეტალებს აწვდის

Drew Angerer / Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახალი სანქციების პაკეტს ამზადებს ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის სამხედრო სამსახურს მომსახურებას უწევენ და საქონელს, მათ შორის, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიურ დეტალებს აწვდიან.

აშშ-ის ოფიციალური პირებისა და The Wall Street Journal-ის მიერ განხილული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის მთავრობა თავდაცვის ინდუსტრიის ფუნქციონირებისთვის ძირითადად დასავლურ და საერთაშორისო ტექნოლოგიებს მოიხმარს. ახალი სანქციები შეეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც შედიან რუსეთის შესყიდვების ქსელში და აწარმოებენ ისეთ საქონელს, რომელსაც აქვს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულება.

სანქციების მოსალოდნელი სამიზნეებიდან ერთ-ერთი Serniya Engineering-ია, რომელიც, აშშ-ს აზრით, რუსეთის დაზვერვის სამსახურის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ასევე, მოსკოვში დაფუძნებული Sertal, რომელიც ადმინისტრაციის თქმით, აწარმოებს აღჭურვილობასა და ტექნოლოგიას რუსეთის სამხედროებისთვის.

კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ასევე ხელს შეუშლის ნებისმიერ ფინანსურ გარიგებას, რაც საფრთხეს უქმნის ამ კომპანიების შესაძლებლობას განახორციელონ ბიზნესი ქვეყნის გარეთ. სანქციების ფონზე, ექსპორტის კონტროლის შეზღუდვებთან ერთად, ასევე შეწყდა უცხოური წარმოების კომპიუტერული ჩიპების და იმ კომპონენტების იმპორტი, რომლებიც საჭიროა მათი შიდა წარმოებისთვის. 

"ამ ზომებს ერთად შეიძლება ჰქონდეს ძალიან დიდი გავლენა, რომელიც შემდეგ გავრცელდება მთელი რუსეთის ეკონომიკაზე. როდესაც თქვენ ხვდებით ამ მიწოდების ჯაჭვში, მას თქვენზე საკმაოდ მყისიერი ეფექტი აქვს". - ამბობს ჯასტინ უოკერი, გლობალური სანქციებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების საწინააღმდეგო სპეციალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. 

ასევე შესაძლო სანქციების კანდიდატად განიხილება კომპანია iGrids, რომელიც რუსეთის ელექტრო ქსელის ავტომატურ მართვის სისტემებს პროგრამულად უზრუნველყოფს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები