რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბაიდენი სამხედროებს: შეხედეთ უკრაინელებს, როგორ უდგებიან წინ ტანკებს, გასაოცრები არიან

აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთში ვიზიტის დროს იქ მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა უკრაინელი ხალხის სიმამაცეს გაუსვა ხაზი.

"უკრაინელები ხერხემლიანი ხალხია. ისინი ძალიან გამბედავები არიან. შეხედეთ როგორ უდგებიან წინ. ქალები, ახალგაზრდა ხალხი წყეული ტანკის წინ, უბრალოდ ამბობენ, რომ არ მივდივარ, ვრჩები იქ, სადაც ვარ. ისინი გასაოცრები არიან". – თქვა ბაიდენმა

ბაიდენმა მიმართვისას აღნიშნა, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის დაცვა, არამედ მსოფლიოში თავისუფლების შენარჩუნებაა.

"სასწორზე ახლა მხოლოდ ის არ არის, რასაც უკრაინელების დასახმარებლად ვაკეთებთ, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტა აღარ გაგრძელდეს, არამედ ამის იქით სასწორზეა, თუ რამდენად თავისუფლები იქნებიან თქვენი შვილები და შვილიშვილები". – თქვა ბაიდენმა

ბაიდენმა გამოსვლის ბოლოს მადლობა გადაუხადა ამერიკელ სამხედროებს და მათ მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო საბრძოლო ძალა უწოდა. 

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს, 25 მარტს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში აემგზავრა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენის ჩასვლის მიზანია, აჩვენოს დასავლეთის "გადამწყვეტი დამოკიდებულება" უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები