კახეთი

მსოფლიო ბანკი კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის 109 მილიონ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკის სათაო ოფისი

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი (KCIP) დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს გამოეყოფა $109 მილიონი, რომელიც მოხმარდება კახეთის რეგიონის დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთან დაკავშირებას.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, კახეთი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი, რეგიონში ტურისტული ზრდის პოტენციალით, შეძლებს, ისარგებლოს გაზრდილი სატვირთო გრაფიკითა და მოკლე, უსაფრთხო გზებით დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებამდე. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის  COVID-19-ის კრიზისიდან გამოსვლის პროცესს. 

"ამ პროექტით მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი", – თქვა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა

კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დააფინანსებს საგარეჯოსა და ბაიდაურს შორის 17კმ-იან საავტომობილო გზის მშენებლობას, როგორც თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დერეფნის ნაწილის, რომელიც თბილისთან და ქვეყნის სხვა რეგიონებთან აკავშირებს. დერეფანი 2025 წლისთვის ამოქმედდება.

"მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები კახეთის რეგიონში, როგორიცაა გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა და ქვეყანაში პირველი შედეგებზე დაფუძნებული გზის რეაბილიტაციის შიდასახელმწიფოებრივი პროგრამა". – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.

პროექტი დააფინანსებს ბაზრის განვითარებას ბადიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხელს შეუწყობს ქალთა მონაწილეობით საწარმოების შექმნას, რაც გულისხმობს საკონსულტაციო ტრენინგებს ადგილობრივი ქალი მეწარმეებისთვის. ასევე, პროექტი უზრუნველყოფს დახმარებას ისეთ ტექნიკურ სფეროებში, როგორიცაა გვირაბის განვითარება და მენეჯმენტი, საგზაო უსაფრთხოება და მართვა. 

 

კომენტარები