ნარკოდანაშაული

"ამოღებულია 7 კგ-მდე კოკაინი" – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა (VIDEO)

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს და 7 კილოგრამამდე კოკაინი, ასევე, სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული დ. ს., ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული დ. გ., 1998 წელს დაბადებული ლ. კ. და 1962 წელს დაბადებული ზ. ლ.

შსს-ს ცნობით, ამოღებული კოკაინის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.

"ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანთან დაკავებული ზ.ლ.-ის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს" - აცხადებს შსს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები