ოკუპირებული აფხაზეთი

აშშ არ ცნობს აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას, მის შედეგს – საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, აშშ არ ცნობს 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ აღიარებს მის შედეგს. 

"აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში.

შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა". – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული რეჟიმი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ატარებს.  გახსნილია 152 უბანი. ე.წ პარლამენტის 35 მანდატისთვის 123 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები