რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლომჯარია მთავრობას: შესთავაზეთ უკრაინას მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დროებით შეფარება

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უკრაინას მზრუნველობამოკლებული ბავშვების დროებით, ვითარების გამოსწორებამდე საქართველოში დაბინავება შესთავაზოს.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველი უერთდება ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის მოწოდებას უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მყოფ ბავშვთა უფლებების მყისიერი დაცვისკენ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, შესთავაზოს უკრაინის მთავრობას მზრუნველობამოკლებული ბავშვების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა და დროებით ზრუნვის ფორმაში განთავსება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სანამ მათ სამშობლოში უსაფრთხო გარემო არ შეიქმნება. სახალხო დამცველი და მისი გუნდი გამოთქვამს ამ პროცესში ჩართვის მზაობას, როგორც დროებითი მიმღები ოჯახების მოძიება/შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე, გამოკვეთილი საჭიროებისამებრ, მრავალმხრივი მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით.

"საომარი მოქმედებების შედეგად, ათეულობით ბავშვი დაიღუპა, დაშავდა, დაკარგა მშობელი/მზრუნველი პირი და ახლობელი, დარჩა საცხოვრისის გარეშე. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა მზრუნველობამოკლებული, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, მათ შორის, დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით.

საომარი ვითარებისას ყველაზე მეტად, სწორედ, ბავშვებს, მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, სახალხო დამცველი, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე, უფლებამოსილების ფარგლებში, მიმართავს ყველა მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი მაქსიმალური დაცვა ნებისმიერი ზიანისგან.

თავის მხრივ, სახალხო დამცველი და მისი გუნდი გამოთქვამს აღნიშნულ პროცესში ჩართვის მზაობას, როგორც დროებითი მიმღები ოჯახების მოძიება/შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე, გამოკვეთილი საჭიროებისამებრ, მრავალმხრივი მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით". – ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები