გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს უმაღლესი კომისრის მოადგილე, კელი კლემენტსის თქმით, დაახლოებით 677 000 ადამიანმა დატოვა უკრაინა რუსეთის შეჭრის შემდეგ, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში.
"უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში 677 000, ბოლო 24 საათში 150 000 ადამიანი გაიქცა". - წერს Twitter-ზე გაეროს წარმომადგენელი.
გაერომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ პარტნიორებთან ერთად იწეყებს დონორებთან გადაუდებელი მიმართვას, რათა სასწრაფოდ მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებსა და ლტოლვილებს მეზობელ ქვეყნებში.
"უახლოეს თვეებში, გაეროს შეფასებით, უკრაინის შიგნით 12 მილიონ ადამიანს დასჭირდება დახმარება და დაცვა, ხოლო 4 მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს შეიძლება დასჭირდეს დაცვა და დახმარება მეზობელ ქვეყნებში". - განმარტა ორგანიზაციამ განცხადებაში.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ შეფასებით, ეს შეიძლება გახდეს ევროპის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისი XXI საუკუნეში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





