რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

1815-დან პირველად, ნეიტრალიტეტის მიუხედავად, შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს უერთდება

EPA

შვეიცარიის პრეზიდენტის, იგნასიო კარესის თქმით, ქვეყანა, შვეიცარული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეურთდება. 

შვეიცარია ნეიტრალიტეტის სტატუსს 1815 წლიდან ატარებს, მის წინააღმდეგ წასვლის მიზეზად კარესი ასახელებს "რუსეთის უკრაინაში შეჭრას, თავდასხმას თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, სამოქალაქო მოსახლეობასა და თავისუფალი ქვეყნის ინსტიტუტებზე".

"დღეს შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად შეურთდეს ევროკავშირის სანქციებს, რაც შვეიცარიისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან მანამდე ყოველთვის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა". - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

შვეიცარია გაყინავს რამდენიმე ადამიანის აქტივს, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალავს ქვეყანაში შესვლას. შვეიცარია ხურავს თავის საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის, მათ შორის, კერძო თვითმფრინავებისთვის, გარდა ჰუმანიტარული, სამძებრო და საგანგებო სიტუაციების ფრენისა.

შვეიცარიის იუსტიციის მინისტრის, კარინ კელერ-სატერის თქმით, შესვლის აკრძალვა გავლენას იქონიებს იმ რუს ან უკრაინელ ოლიგარქებზე, რომლებიც განსაკუთრებით ახლოს არიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

28 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეეზღუდათ  რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება და ამასთანავე, გაიყინება აშშ-ში რუსული ცენტრალური ბანკის აქტივები. სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეროვნულ სარეზერვო ფონდსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს. 

27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი. 

ამასთანავე, 27 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა - სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

სანქციებს ასევე შეურთდა სინგაპური, რომელმაც დააწესა საბანკო და საფინანსო შეზღუდვები და გააძლიერა კონტროლი იმ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა ომში უკრაინის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული.  სამხრეთ კორეაც ზღუდავს რუსეთში სტრატეგიული საქონლის ექსპორტს  და SWIFT-ის სანქციებს უერთდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები