საქართველო-უკრაინა

ევროპული საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინისა და საქართველოს დროშებს დაარიგებს

ევროპული საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინისა და საქართველოს დროშებს დაარიგებს. მსურველებს დროშების და პოსტერების მიღება დღეს, 25 თებერვალს, 18:00-დან პირველ სკოლასთან შეეძლებათ.

"დღეს დაგეგმილია უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რამდენიმე აქცია. ევროპული საქართველოს მიზანია უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის პარალელურად, დედაქალაქის ქუჩებში უკრაინის სიმბოლიკით რაც შეიძლება მეტი ქართველი პატრიოტი გამოვიდეს" - აცხადებს პარტია.

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, პირველ სკოლასთან სტენდს დადგამენ.

“მოგეხსენებათ, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ბევრი აქცია გაიმართება, რომ საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო პოზიცია ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოზიციას არ ემთხვევა. ამ აქციებთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვირას იყო დაგეგმილი სარაგბო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც ევროპული საქართველო მართავდა ღონისძიებას, უნდა დაგვერიგებინა დროშები, სადაც ერთ მხარეს უკრაინის, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს დროშაა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს მატჩი გადაიდო, ჩვენი ინიციატივით ყველა მსურველ ადამიანს პრიველ სკოლასთან დავურიგებთ ამ დროშებს. ვისაც აქციაში სურს მონაწილეობა და ამ გზით სოლიდარობის გამოხატვა, ვისაც ისე უნდა, რომ ჰქონდეს ეს დროშა პოზიციის ცალკეულად გამოსახატად, ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ მოვიდეს პირველ სკოლასთან და ეს დროშები აიღოს, პატარა სტენდი გვექნება დადგმული და ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინას მძიმე ვითარებაში.“ - განაცხადა ნონიაშვილმა.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ თბილისში უკრაინის მხარდამჭერი სამი აქცია დაიგეგმა. ღარიბაშვილმა უკრაინაზე ლაპარაკისას თქვა, რომ "ომი ვერ იქნა აცილებული, ყველაზე მეტად ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება" და ასევე განაცხადა, რომ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. გარდა ამისა, პრემიერმინისტრის აზრით, "ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, მშვიდობას ეროვნული პოლიტიკით მივაღწიეთ". მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან "უკრაინაში ჩასვლისთვის ჩასვლა არაფრისმომცემი არ არის" და "საჰაერო სივრცე დაკეტილია".

"მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს" - თქვა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 18:00-ზე გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის გამართავს აქციას სახელწოდებით - გაანიავეთ. 19:00-დან აქცია - პასუხი რუსულ ოცნებას დაგეგმა პარტიამ დროა. კიდევ ერთი აქცია, სახელწოდებით - ღარიბაშვილო, გაა☭ვი რუსეთში - ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები