რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საოკუპაციო ძალების მიერ ჩერნობილის დაკავების შემდეგ, ზონაში რადიაციის დონემ აიწია

ჩერნობილის ზონაში რადიაციის კონტროლის დონის გაზრდა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია ავრცელებს

"გაუცხოების ზონის რადიაციული მონიტორინგის ავტომატიზირებული სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმშიც, მოწმობს გამა გამოსხივების კონტროლის დონის დოზის მნიშვნელოვან ზრდაზე", – წერია განცხადებაში. 

ბირთვული მარეგულირებელი ორგანოს განცხადებითვე, ამ ეტაპზე რადიაციის დონის ზრდის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. 

24 თებერვალს ბელარუსიდან შემოსულმა რუსეთის საოუკუპაციო ძალებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შემდეგ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, პერსონალი ტყვედ აიყვანეს. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს სწირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია არ გამეორდეს. ინფორმაცია მივაწოდე შვედეთის პრემიერმინისტრს. ეს მთელი ევროპისთვის ომის გამოცხადებაა." - სადგურის რუსების მიერ დაკავებამდე წერდა ზელენსკი Twitter-ზე.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთს ჩერნობილის ზონა ბელარუსიდან კიევის მიმართულების უმოკლესი მარშრუტის მოსაპოვებლად სჭირდებოდათ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები