ზელენსკი: პუტინს უკრაინის განადგურება სურს, მაგრამ სამხედროები საკადრის პასუხს გასცემენ

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს უკრაინის განადგურება, მაგრამ უკრაინელი სამხედროები საკადრის პასუხს გასცემენ. 

ამის შესახებ ზელენსკიმ FACEBOOK-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას "არამხოლოდ ბომბებით, არამედ FAKE-ითაც ესხმიან თავს"

"დღეს რუსეთმა დაიწყო უკრაინაში შეჭრა. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინასთან, მთელ დემოკრატიულ სამყაროსთან. მას სურს ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა. მას სურს გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფო და ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს. ყველაფრის დანგრევა რასაც ვაშენებდით და რისთვისაც ჩვენ ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა მიმართა ყველა უკრაინელს და პირველ რიგში უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც "უკვე მიიღეს მტრის პირველი დარტყმა და ღირსეულად უპასუხეს".

"ჩვენ ვიცით როგორი ძალა აქვთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. თქვენ მამაცები ხართ, თქვენ დაუმარცხებლები ხართ, თქვენ უკრაინელები ხართ!"- განაცხადა ზელენსკიმ.

მან ყველა უკრაინელს მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდნენ და ყველაფერი გააკეთონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები