ძალადობა

"სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით სცემა და გახადა შესამოსელი" – მორჩილს ბრალი წარედგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ კაცს, რომელმაც მორჩილს სცემა და ანაფორა გახადა, ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყება თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვ.გ.-სთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ განახორციელა დამამცირებელი მოპყრობა, კერძოდ ძალადობის მუქარით ამ უკანასკნელს გაპარსა წვერი, გახადა სასულიერო პირის შესამოსელი, რითაც ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა რ.მ.

ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ რამდენიმეჯერ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ კვლავ ჩაიცვამდა სასულიერო პირის შესამოსელს, ამ მიზნით მან თვითნებურად გახადა, წაართვა და აუკრძალა მისი ჩაცმა.

ვ.გ.-მ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერების სახით, რაც ინტერნეტის მეშვეობით ასევე უკანონოდ გაავრცელა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ვ.გ. 2022 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა.

20 თებერვალს Facebook-ზე ვიდეო გავრცელდა, სადაც დაუფარავად ჩანს ერთი სასულიერო პირის მიერ მეორეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. საქართველოს საპატრიარქო ძალადობის ვიდეოს მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ "აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს". საპატრიარქოსვე მტკიცებით,  არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არაა და ისინი მორჩილები არიან.

კომენტარები