ჩიქოვანი: რაგბის მატჩთან დაკავშირებით მძიმე პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ 27 თებერვალს, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩის დროს ოპოზიცია პროვოკაციებს ამზადებს. დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ამის შესახებ ბრიფინგი გამართა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს პროვოკაციებში. 

მისივე თქმით, ოპოზიციონერები უკრაინის მხარდამჭერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან. 

"ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციის შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ბოლო დღეების რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, რადგან მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგაა მიმართული. რეგიონსა და გლობალურ დონეზე არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ამ სიტუაციის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ნაციონალური მოძრაობა და მისი სხვადასხვა დანაყოფები უკრაინის მხარდამჭერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან. პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხორციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია".- ამბობს ჩიქოვანი. 

ქართული ოცნების დეპუტატი ოპოზიციას მოუწოდებს, "დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა".

სამთავრობო ტელევიზიამ, იმედმა, საქართველო-რუსეთის მატჩზე უკრაინის დროშებით მისვლა მომზადებულ სიუჟეტში პროვოკაციად შეაფასა. სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ოპოზიციის ინიციატივას "მოსალოდნელ პროვოკაციად" აფასებს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძეც. 

ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი კი ამბობს, რომ ღირსება, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი სტუმრის შეურაცხყოფაში არ გამოიხატება და გუნდი, რომელიც ჩამოდის, "პირველ რიგში, სტუმარია". 

თბილისის მერი, კახა კალაძე კი ევროპულ საქართველოს მოუწოდებს, სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნოს. დედაქალაქის მერს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გამოეხმაურა და კალაძეს მოუწოდა, დააზუსტოს, რომელი წესი ირღვევა სტადიონზე ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით.

კვირას, 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩის დროს ევროპული საქართველო რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით უპასუხებს. პარტიის ცნობით, ევროპული საქართველო მსურველებს დროშებს სტადიონის შესასვლელთან დაურიგებს. 

"გავავსოთ სტადიონი საქართველოსა და უკრაინის დროშებით" - დაწერა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამაც.

საქართველო-რუსეთის მატჩი დინამო არენაზე, 18:00 საათზე გაიმართება.  

კომენტარები