უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

რა სანქციებს განიხილავს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ

დღეს, 22 თებერვალს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი და საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებს განიხილავენ.

"რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილების დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და იქ ჩარები გაეგზავნათ, უკანონო და მიუღებელია. ის არღვევს საერთაშორისო სამართალს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კრიზისის უფრო მეტად აღვივებს" - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურუსლა ფონ დერ ლეიენის და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ განცხადებაში განცხადებაში.

სანქციების შესაძლო პაკეტი მოიცავს:

  • უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პირების მიზანში ამოღებას
  • იმ ბანკების მიზანში ამოღებას, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე
  • ევროკავშირის კაპიტალის და ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის სახელმწიფოს და მთავრობის წვდომის მიზანში ამოღებას, რათა შეიზღუდოს ესკალაციის გამომწვევი და აგრესიული მოქმედებები
  • სეპარატისტული რეგიონებიდან ევროკავშირთან ვაჭრობის მიზანში ამოღებას, რათა უკანონო და აგრესიულ ქმედებებზე პასუხისმგებელმა პირებმა საკუთარი მოქმედების ეკონომიკური შედეგები იგრძნონ

"კავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ერთიანი მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ მისი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო დიდმა ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები