უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

ჯონსონი რუსეთზე: დაუყოვნებლივ შემოვიღებთ ეკონომიკური სანქციების პაკეტს

ბორის ჯონსონი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
Getty Images

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო ბრიტანეთი დაუყოვნებლივ შემოიღებს ეკონომიკური სანქციების პაკეტს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ პუტინმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი, მინსკის შეთანხმებები და საერთაშორისო სამართალი.

"დაუყოვნებლივ შემოვიღებთ ეკონომიკური სანქციების პაკეტს, რაც მოსალოდნელი იყო. ეს სანქციები არა მხოლოდ ლუგანსკში და დონეცკში, დონბასში შეეხება ადამიანებს, არამედ რუსეთში. მიზანში ამოიღებს რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. [..] ეს იქნება რუსეთისთვის დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური სანქციების პირველი ნაკადი. ვშიშობ, რომ უნდა ველოდოთ რუსეთის მეტ ირაციონალურ ქმედებებს." - თქვა ბორის ჯონსონმა.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდომირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს, ჯონსონმა თქვა, რომ ბრიტანეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში მონაწილე პირებისთვის სანქციები გამზადებული აქვს და ეს ზომები ძალაში 22 თებერვლიდან შევა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე კრიზისის ყველა ეტაპზე მართლდებოდა სადაზვერვო სამსახურების ინფორმაცია, ცრუ დროშის ქვეშ ოპერაციებზე და პროვოკაციების მცდელობებზე.

"ვშიშობ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვლადიმირ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა, დამოუკიდებელი, სუვერენული ევროპული ქვეყნის დაპყრობა, დამორჩილება. ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა." - თქვა ჯონსონმა.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები