ვლადიმირ პუტინი

კატარის ამირამ პუტინისგან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესებზე წერილი მიიღო

კატარის ამირა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი და ვლადიმირ პუტინი

კატარის ამირამ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ 22 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ პუტინისგან წერილი მიიღო. კატარის მედიის ინფორმაციით, წერილი ეხებოდა ქვეყნებს შორის თანადგომისა და ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას, ასევე საერთო ინტერესების საკითხებს. 

პუტინის ეს ქმედება მნიშვნელოვანია 21 თებერვლს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ. 

გასულ თვეებში დასავლეთი კატართან ენერგორესურსებით მომარაგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ხოლო 2022 წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის დაჰპირდა, რომ მის ქვეყანას მიანიჭებდა, NATO-ს წევრების შემდეგ, მთავარი მოკავშირის სტატუსს.

კატარი მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი მომმარაგებელია და შესაძლოა ევროპაში ამ პროდუქტის ექსპორტიორი გახდეს, თუ რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყება და რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდება შეჩერდება. 

ასევე, გასულ კვირებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ თუ რუსეთი ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას შეამცირებდა ან შეაჩერებდა, ევროკავშირი, გაზთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა აშშ-სთან, კატართან და აზერბაიჯანთან.

"მზად ვართ თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს და განვიხილავთ ყველა ვარიანტს. ეს მოიცავს ჩვენი გამძლეობის გაუმჯობესებასაც, რაც მოიცავს მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კატარი და აზერბაიჯანი, ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიწოდებას შეამცირებს ან შეწყვეტს", – ამბობდა ბორელი რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსული გაზის მომარაგების შეწყვეტის შესაძლებლობაზე.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები