უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

"მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი" – ზელენსკის მიმართვა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ:

დიდებული ქვეყნის, დიდებულო ერო!

ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ისტორიის გრძელი ლექციების დრო. არ ვისაუბრებ წარსულზე, ვისაუბრებ აწმყოზე და მომავალზე.

ჩემს უკან დგას უკრაინა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი განცხადებების და მოქმედებების მიუხედავად, უცვლელი იქნება. ჩვენ ვიქნებით მშვიდად და თავდაჯერებულად. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჩვენს მოქალაქეს. თქვენ კიდევ ერთხელ ამტკიცებთ: უკრაინელები ჭკვიანი და ბრძენი ერია, ყველაფრის მიუხედავად ინარჩუნებთ ცივ გონებას, მშვიდად, გაწონასწორებულად, რეაგირებთ, როგორც ზრდასრულს შეეფერება. დიდი ხანია ყველაფრისთვის მზად ვართ, ღამის გათენების მიზეზი არ გაქვთ.

დღეს საღამოს ჩვენ ჩავატარეთ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. რუსეთის ფედერაციის ბოლო ქმედებას უკრაინა ცალსახად აფასებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული რაიონების აღიარება ნიშნავს მინსკის შეთანხმებიდან რუსეთის ცალმხრივ გასვლას და ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების უგულებელყოფას. ეს ძირს უთხრის მშვიდობიან ძალისხმევას და ანადგურებს მოლაპარაკებების ფორმატს.

დღევანდელი და შესაძლო ხვალინდელი გადაწყვეტილებებით რუსეთი ახდენს საკუთარი ჯარების ლეგალიზებას, რომლებიც დონბასის ოკუპირებულ რაიონებში 2014 წლიდან იმყოფებიან.

ქვეყანას, რომელიც 8 წელია მხარს უჭერს ომს, როგორც თვითონ აცხადებს, არ შეუძლია მხარი დაუჭიროს მშვიდობას.

საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან, აშშ-ს პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ბორის ჯონსონთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად განვიხილე მდგომარეობა. ასევე ვგეგმავ, ვესაუბრო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

რა იქნება შემდეგ? ჩვენ გვსურს მშვიდობა და თანმიმდევრულები ვართ ჩვენს მოქმედებებში. დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუდაპეშტის მემორანდუმზე დაყრდნობით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს კონსულტაციების დაწყების მოთხოვნა გაუგზავნა. გამოვედი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის და ეუთო-ს საგანგებო სხდომის ჩატარების ინიციატივით.

პროვოკაციების და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისთვის ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის სრულფასოვანი მუშაობის გაგრძელებას. ინიციირებულია ნორმანდიის ოთხეულის საგანგებო სამიტი.

ჩვენი პარტნიორებისგან ველით მხარდაჭერის მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით დაშინებას.

პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების ერთგული ვრჩებით და არ წამოვეგებით პროვოკაციებს. ჩვენი საზღვრები საიმედოდ არის დაცული, ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ.

გაეროს წესდების 51-ე მუხლით, უკრაინა იტოვებს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლებას.

პროვოკაციას და აგრესორის ჯარების შეტევას კარგად ვარჩევთ .

სიმართლე ჩვენს მხარესაა და მას არასოდეს გიმალავთ. როგორც კი დავინახავთ მდგომარეობის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკის ზრდას, თქვენ ეს გეცოდინებათ.

ახლა არ არის ქაოსური მოქმედებების მიზეზები, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასე გაგრძელდეს.

ჩვენ ვრჩებით მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგული და მხოლოდ მას გავუყვებით.

ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. არაფრის და არავისი გვეშინია, არავისი არაფერი გვმართებს და არავის არაფერს დავუთმობთ და ამაში დარწმუნებულები ვართ. დღეს არ არის 2014 წლის თებერვალი, 2022 წლის თებერვალია. სხვა ქვეყანა, სხვა არმია. ერთი მიზანი - მშვიდობა. მშვიდობა უკრაინაში.

დიდება უკრაინას!

კომენტარები