დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა

2022 წლის 15 თებერვალი, ვლადიმირ პუტინი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე
AP News

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

"იცვლებიან [უკრაინის] პრეზიდენტები, რადის დეპუტატები, მაგრამ არ იცვლება თავად კიევში ძალაუფლების ხელშიჩამგდები რეჟიმის ნაციონალისტური აგრესიული არსი. ის მთლიანად არის 2014 წლის სამხედრო გადატრიალების ნაყოფი. და ისინი, ვინც მაშინ ძალადობის, სისხლისღვრის, უკანონობის გზაზე დადგნენ, არ აღიარებდნენ და არ აღიარებენ დონბასის საკითხის გადაჭრას სამხედრო გზის გარდა. ამასთან დაკავშირებით, ვთვლი მივიღო უკვე დიდი ხნის წინ მომწიფებული გადაწყვეტილება, დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაუყოვნებლივ გამოცხადებით", – თქვა პუტინმა.

პუტინმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას, ასევე მათთან თანამშრომლობის შეთანხმებას.

მიმართვის ბოლოს, პუტინმა უკრაინას დონბასში "სამხედრო ქმედებების" შეწყვეტა მოსთხოვა.

აქამდე, სეპარატისტების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს

დუმის დეპუტატებმა 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმი პუტინს მიმართეს. 

რუსეთის დუმის გამოთქმულ მხარდაჭერამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

მინსკის შეთანხმება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით ყოფნას ითვალისწინებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები