კურტ კობეინი

კურტ კობეინს 55 წელი შეუსრულდებოდა – 15 ფაქტი ლეგენდარული მუსიკოსის შესახებ

Rolling Stone

20 თებერვალს ბენდ Nirvana-ს დამფუძნებელს და გრანჟ როკის ლეგენდას, კურტ კობეინს 55 წელი შეუსრულდებოდა. 

წარმოგიდგენთ 15 ფაქტს მუსიკოსის ცხოვრებიდან.

მძიმედ გადაიტანა მშობლების განქორწინება

როდესაც 9 წლის კურტის მშობლები განქორწინდნენ, მომავალმა მუსიკოსმა ოთახის კედელზე დაწერა: "ვერ ვიტან დედას, ვერ ვიტან მამას, მამა ვერ იტანს დედას, დედა ვერ იტანს მამას, ყველაფერი ეს ხასიათს მიფუჭებს". წლების შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში კობეინმა მშობლების განქორწინებაზე ასე ილაპარაკა:

"სკოლაში რამდენიმე მეგობართან ურთიერთობა შევწყვიტე. მცხვენოდა იმის, რომ ჩემი მშობლები განქორწინდნენ. მინდოდა კლასიკური ოჯახი მყოლოდა, რომელშიც დედაც არის და მამაც. უსაფრთხოდ არ ვგრძნობდი თავს და მშობლებზე გაბრაზებული ვიყავი".

კურტ კობეინი დედასთან, ვენდი კობეინთან ერთად

ჰიპერაქტივობის დიაგნოზი

კობეინს ადრეულ ასაკში დაუსვეს ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. ამის გამო მუსიკოსი ადრეული ასაკიდან იღებდა რიტალინს – პრეპარატს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს და მომავალში ნარკოდამოკიდებულების რისკებს ზრდის.

რცხვენოდა საკუთარი სხეულის

სკოლაში თანატოლები დაბალი წონის გამო დასცინოდნენ. სიგამხდრის დასამალად კურტი რამდენიმე ფენად ფართო ტანსაცმელს იცვამდა. ზრდასრულ ასაკში, თბილ ამინდშიც კი კობეინი ბევრი ტანსაცმლით სიარულს ამჯობინებდა.

სკოლაში იყო ბულინგის მსხვერპლი

"მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე გეი მეგობარი მყავდა, სკოლაში ყველას გეი ვეგონე. რის გამოც თანატოლები ხშირად მცემდნენ". – იხსენებს მუსიკოსი.

13 წლიდან მოიხმარდა ნარკოტიკებს

მერვე კლასში კობეინმა პირველად გასინჯა ნარკოტიკი. თინეიჯერობაში მუსიკოსი თითქმის მთელ ფულს ნარკოტიკულ ნივთიერებებში ხარჯავდა. 20 წლიდან კობეინმა მძიმე ინექციური ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, მისი თქმით ეს ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც მუცლის ძლიერ ტკივილს უყუჩებდა.

ღამეები ხიდის ქვეშ

მშობლების განქორწინების შემდეგ კობეინი მონაცვლეობით დედასთან და მამასთან ცხოვრობდა, ხშირად რჩებოდა მეგობრებთან. ასევე არაერთი ღამე აქვს გათენებული მდინარე უიშკას ნაპირას, ხიდის ქვეშ. მუსიკოსის ცხოვრების ამ პერიოდს ეძღვნება Nirvana-ს სიმღერა Something In The Way.

ახალგაზრდობაში კობეინი ორჯერ დააპატიმრეს

1985 წელს კობეინი გრაფიტისთვის დაიჭირეს, რომელიც მუსიკოსმა ბანკის შენობაზე დახატა. ერთი წლის შემდეგ კობეინი სახურავზე არაფხიზელ მდგომარეობაში სიარულისთვის დააკავეს.

მუშაობდა ცურვის მასწავლებლად

მუსიკალური კარიერის დაწყებამდე კობეინი აუზის თანამშრომელი იყო, რომელიც სკოლამდელ ბავშვებს ცურვას ასწავლიდა. შესაძლოა ეს სამსახური გახდა ალბომ Nevermind-ის ყდის ინსპირაციის წყარო.

ვერ იტანდა სიმღერას Smells Like Teen Spirit

კობეინი ვერ იტანდა ბენდის ყველაზე დიდ ჰიტს Smells Like Teen Spirit. მუსიკოსის თქმით კომპოზიცია მას უბრალოდ მობეზრდა. მოგვიანებით Nirvana კონცერტებზე სიმღერას იშვიათად უკრავდა.

აგროვებდა ემბრიონების მოდელებს

კურტი გატაცებული იყო ანატომიით. ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსმა მოყვა, რომ სამედიცინო მაღაზიას მიაგნო, რომელშიც პერიოდულად ემბრიონის მოდელებს ყიდულობდა. მისი კოლექციის ნაწილი ჩანს ალბომ In Utero-ს უკანა ყდაზე.

 

თავდასხმა კორტნი ლავზე

1993 წელს კობეინი პოლიციამ ცოლზე, კორტნი ლავზე თავდასხმის გამო დააკავეს. პოლიციის თქმით მუსიკოსი ცოლს ახრჩობდა. კობეინი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

კორტნი ლავი და კურტ კობეინი

კურტ კობეინი VS აქსელ როუზი

კობეინსა და ბენდ Guns N' Roses-ის ფრონტმენს აქსელ როუზს შორის დაპირისპირება წლები გრძელდებოდა. კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც როუზმა Nirvana-ს GNR-ისა და Metallica-ს ერთობლივ კონცერტზე გამოსვლა სთხოვა, იმ პერიოდში ნირვანა ნაკლებად ცნობილი ბენდი, მიუხედავად გულუხვი შეთავაზებისა კობეინმა უარი თქვა. 

მოგვიანებით როუზმა კობეინი და კორტნი ლავი ჰეროინის მოხმარების გამო გააკრიტიკა. "მათი შვილი შესაძლოა არასრულფასოვანი დაიბადოს". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა როუზი ლავის ფეხმძიმობას. 

1992 წელს MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებას ორივე ვარსკვლავი ესწრებოდა. წითელ ხალიჩაზე კობეინმა როუზს დამცინავად შვილის ნათლიობა შესთავაზა, GNR-ის ფრონტმენმა ხუმრობას გინებითა და მუქარით უპასუხა. განრისხებული როუზი თანაბენდელებმა კობეინს გაარიდეს. 

თვითმკვლელობის მცდელობა

კობეინმა სამჯერ სცადა თვითმკვლელობა. 1994 წლის მარტში კურტი იარაღითა და ნარკოტიკებით სხვენში ჩაიკეტა. კორტნი ლავმა პოლიციას გამოუძახა, რომელმაც მუსიკოსი გადაარჩინა. ერთი თვის შემდეგ კობეინი ვერავინ შეაჩარა – მუსიკოსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

თოფი რომლითაც მუსიკოსმა თავი მოიკლა

I Hate Myself And I Want To Die

"ჩემი თავი მძულს და მინდა მოვკვდე" – კობეინს ამ სახელის დარმქევა უნდოდა ნირვანას ბოლო ალბომისთვის. ბენდის წევრმა, კრის ნოვოსელიჩმა მეგობარი გადაარწმუნა. საბოლოოდ ბოლო ალბომს In Utero დაარქვეს.

კურტ კობეინი და კრის ნოვოსელიჩი

My My Hey Hey

თვითმკვლელობის წინ დატოვებულ წერილში კობეინი ნილ იანგს ციტირებს. "სჯობს დაიწვა, ვიდრე გაქრე", ფრაზა იანგის ცნობილი სიმღერიდან My My Hey Hey არის. მოგვიანებით იანგმა კობეინს 1994 წლის ალბომი Sleeps With Angels მიუძღვნა.

 

კომენტარები