მეტროსადგური გოცირიძე

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის დასრულება მაისში იგეგმება – მერია

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და თბილისის მერი, კახა კალაძე პირობას იძლეოდა, რომ რეაბილიტაცია სამ თვეში დასრულდებოდა. მიუხედავად კალაძის დაპირებებისა, ერთ წელზე მეტია, რაც მეტროსადგური არ ფუნქციონირებს.

მერიის განცხადებით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარს შეადგენს და მისი სრული განახლება მიმდინარეობს.

"მეტროსადგურ გოცირიძის სრული განახლებისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში - მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა და გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის, როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები". – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს შპს კაიზერთან 3.15-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა. სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონის სანაცვლოდ კომპანიას სარემონტო სამუშაოები 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა შპს კაიზერმა დოკუმენტით განსაზღვრული ვადებით არაერთხელ დაარღვია, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი კონტრაქტი შპს მამისონთან გააფორმა.

მეტროსადგურის გახსნამდე დიდუბიდან გოცირიძემდე დედაქალაქის მერიამ ავტობუსი N169 დანიშნა.

კომენტარები