ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა კონკრეტულად რეზოლუციაშიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღო უკრაინის თემაზე და ერთ-ერთია, მათ შორის საქართველო. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც ჩვენი მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გავაკეთეთ აქცენტი მთავარ ამოცანაზე – ომის არდაშვებაზე და აქეთკენ უნდა იყოს თითოეული ნაბიჯი მიმართული, მათ შორის რიტორიკაც. ჩვენი სულისკვეთება ჩანს ყველაფერში, თითოეულ ჩვენს ნაბიჯში [...]
ჭარბად მძაფრი რიტორიკა, რასაც ჩვენი ოპონენტები ითხოვენ, ჩვენ გვგონია, რომ უფრო მეტად დასხამს წყალს იმ დისკურსზე, რასაც ჰქვია ომის პროვოცირება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენ გვინდა, ესაა ომის არდაშვება.
რაც შეეხება შიშს, შიშზე კეთდება აქცენტი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაკნინონ რაღაც ფორმით. შიშიც რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა, რა თქმა უნდა, დამაკნინებელი, ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს რუსეთს. იქ ვიღაცამ იმიტომ გააკეთა ეს, რომ მოღალატე იყო და ვიღაცამ იმიტომ გააკეთა, რომ არ შეეშინდა. თუმცა, შემდეგ, რომ შეეშინდათ, გარბოდნენ სადახლოდან ქვეყნის დასატოვებლად.





