ბათუმი

GMC: ბათუმში $20-მილიონიანი სპორტკომპლექსი 2019-ში უნდა აშენებულიყო, თუმცა კვლავ არ დასრულებულა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ბათუმში სპორტკომლექსი, რომლის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარი გამოიყო და 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, კვლავ არ აშენებულა.

ორგანიზაცია წერს, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობა 2018 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოჩნდა, რომ ბათუმის სპორტის სასახლე ჭადრაკის ოლიმპიადაზე დამსწრეებს ვერ იტევდა და სხვა ადგილის მოძებნა გახდა საჭირო.

"საჭადრაკო ოლიმპიადა ქალაქ ბათუმში 2018 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და წლის 6 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ოლიმპიადაში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ოლიმპიადის დასრულების შემდგომ მალევე, 2019 წლის აპრილში, ყინულის არენის მშენებლობაც უნდა დასრულებულიყო. 

თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც 19 990 002 აშშ დოლარის ღირებულების  ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს წინასწარ ავანსის სახით გადაეცა 3 998 000 ლარი, ხოლო საბანკო გარანტიის სახით 999 500. თუმცა კომპანია, როგორც მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, მუდმივად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, რის შედეგადაც 2020 წლის აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსათა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, უკან იქნა გამოთხოვილი ავანსი და საბანკო გარანტია", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

მათივე ცნობით, 2022 წლის 7 თებერვალს ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 630 000 ლარია და ყინულის არენის მშენებლობის დასრულებას და საცურაო აუზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს.

კომენტარები