ჰონდურასი

ჰონდურასის ექსპრეზიდენტი, ხუან ერნანდესი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს

ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტი, ხუან ორლანდო ერნანდესი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით  დააკავეს. სამართალდამცველებმა ექსპრეზიდენტი აშშ-ისგან მისი ექსტრადაციის მოთხოვნის შემდეგ დააპატიმრეს.

ექსპრეზიდენტს ადგილობრივმა პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში, საკუთარ სახლში მიაკითხა, სადაც ის სამართალდამცველებს წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაბარდა.

აშშ-ის ბრალდებით ერნანდესი ნარკოტიკებით ვაჭრობის ქსელში 2004 წლიდან იყო ჩართული და ამ პერიოდში ჰონდურასის გავლით ამერიკაში 500 ტონაზე მეტი კოკაინი შევიდა. გამოძიების ცნობით, ერნანდესი ქსელთან უმცროსი ძმის, ტონი ერნანდესის საშუალებით იყო დაკავშირებული, რომელსაც აშშ-ის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ტონი ერნანდესის სასამართლოზე პროკურორებმა განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტის უმცროსი ძმა ცნობილ მექსიკელ ნარკობარონს, ელ ჩაპოს შეხვდა, რომელმაც მას 1 მილიონი აშშ დოლარი პირადად გადასცა. მათივე ცნობით, ელ ჩაპომ ტონის უთხრა, რომ ეს თანხა მას ქრთამის სახით, ჰონდურასის იმჟამინდელი პრეზიდენტისთვის, ხუან ერნანდესისთვის უნდა გადაეცა, რომელიც სანაცვლოდ, ნარკომოვაჭრეებს სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაიცავდა.

ჰონდურასი წლების განმავლობაში სამხრეთ ამერიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების შეტანისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად ითვლება. უკანასკნელ წლებში კი ქვეყანაში კოკაინის წარმოებაც დაიწყეს.

ერნანდესი, რომელიც ჰონდურასს 2014 წლიდან მიმდინარე წლის იანვრის ჩათვლით მართავდა, მუდმივად ამბობდა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლისთვის მისი მთავრობა ყველა გზას იყენებდა. როგორც BBC წერს, ერნანდესს ტრამპის მმართველობის დროს აშშ მნიშვნელოვან მოკავშირედ განიხილავდა, თუმცა ბაიდენის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

კომენტარები