მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოკერია ენმ-ზე: მიწაში დებენ რეჟიმს, მეორე ხელით კი ბრიფინგს ატარებენ, სიები აღადგინეთო

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

"მიწაში დებენ რეჟიმს, მეორე ხელით კი ბრიფინგს ატარებენ, სიები აღადგინეთო" - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას ეხმაურება, რომ დეპუტატებისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის ჩამორთმეული მანდატები გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით უნდა შეივსოს.

"სიების აღდგენა რანაირად არის მოქალაქეებისთვის გასაგები ამბავი? როცა გუშინ შენ თვითონ ჩახსენი. ნაციონალური მოძრაობის ეს მოწოდება კეთილ ნებაზე არის გათვლილი? ქართულმა ოცნებამ კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და სიები აღადგინოს? რატომ უნდა ქნას ეს? თუ იზამს, ეს იქნება დემოკრატიის გარღვევა? მე არაერთ ეთერში ვუსმენდი დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს , მიწაში დებენ ივანიშვილის რეჟიმს -  რომ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, პუტინის მონები არიან, ამათთან ხომ არაფერს აზრი არ აქვს, ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, არ აურჩევიათო და  თან მეორე ხელით ბრიფინგს ატარებენ, სიები აღადგინეთო. აქ მერე გამოდის მისი ერთ-ერთი ხელახლა შეძენილი სპიკერი, ბატონი უგულავა და ამბობს, არა უშავს, სწორად იქცევიანო.  

ზოგადად, მთავარი იარაღი ამ ტიპის რეჟიმებთან ბრძოლაში არის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ნდობა უნდა მოიპოვონ მოქალაქეების.  ნდობა არის საფუძვლიანად შერყეული ოპოზიციის დიდი ნაწილის უპრინციპობის გამო. ამას სხვებიც ეწირებიან, პროპაგანდის ისეთი ნიაღვარია. თანმიმდევრულობა არ ნიშნავს, რომ რაღაც ვითარებაში არ შეიძლება, გადახედო საკუთარ პოზიციას და გაჯიუტდე, ამაზე არ არის საუბარი, ოღონდ, რაღაც არგუმენტი უნდა გქონდეს". - ამბობს გიგა ბოკერია ფორმულასთან ინტერვიუში. 

მე-10 მოწვევის პარლამენტმა დეპუტატებს - ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს მანდატი შეუწყვიტა. სხდომამდე ენმ-ს წევრებმა ბრიფინგი გამართეს და მოითხოვეს, რომ ჩამორთმეული მანდატები მათ პარტიებს დაბრუნებოდა. ქართულმა ოცნებამ ინიციატივას "კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა

"იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ხალხისგან მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებით და ზეწოლით, თუმცა, მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს". - თქვა ხატია დეკანოიძემ.   

იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის წევრები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერდნენ, 14 თებერვალს, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი


ჯაფარიძისა და ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებით პარტია ლელო და ლეიბორისტული პარტია საბიუჯეტო დაფინანსებასაც კარგავენ. დაფინანსება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით წყდება. კანონის თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

პარლამენტმა ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი სასამართლოს მიერ ჯაფარიძე/ხაზარაძე/წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის მოტივით შეუწყვიტა. 12 იანვარს ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

10 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზი რეგლამენტის ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტი იმავე მოტივით მოქმედებს დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემთხვევაშიც.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები