ფულადი გზავნილები

ქვეყნები, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 168.8 მილიონი დოლარი (520 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.7%-ით ($19 მლნ) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 44.2% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 55.7% კი დანარჩენ ქვეყნებზე.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. იტალია - 33 მილიონი დოლარი;
  2. რუსეთის ფედერაცია - 22 მილიონი დოლარი;
  3. აშშ - 20 მილიონი დოლარი;
  4. საბერძნეთი - 16 მილიონი დოლარი;
  5. ისრაელი - 14 მილიონი დოლარი;
  6. გერმანია - 8 მილიონი დოლარი;
  7. ყაზახეთი - 6 მილიონი დოლარი;
  8. თურქეთი - 6 მილიონი დოლარი;
  9. უკრაინა - 5 მილიონი დოლარი;
  10. აზერბაიჯანი - 4 მილიონი დოლარი.

2022 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.3 მილიონი დოლარი (71.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის იანვრის ($17.2 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.3%-ით მეტია.


2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია და 2020 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, დაახლოებით, 24%-ით მეტია.

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

კომენტარები