საქართველო-ევროკავშირი

კალიურანდი: იმედი გვაქვს, რომ 5 ივლისის ორგანიზატორები და მოძალადეები გასამართლდებიან

europetime.eu

საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის 10 თებერვლის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ევროპარლამენტი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კვლავ მაღალია როგორც მოსახლეობაში, ასევე პოლიტიკურ პარტიებში.

ამასთან, ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის საერთო ვალდებულებებთან კანონმდებლობის შემდგომი დაახლოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას. თუმცა, კალიურანდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სიტუაცია გასაუმჯობესებელია ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: სამართალდამცველი ორგანოების ანგარიშვალდებულება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მოწყვლადი ჯგუფებისა და უმციროსობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანტიდისკრიმანიციული კანონის მიუხედავად, ქვეყანაში ლგბტ თემის წევრთა მდგომარეობა კვლავ გამოწვევებითაა აღსავსე და ამის მაგალითი 5 ივლისის მოვლენებია. ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ ძალადონის ორგანიზატორები და მონაწილეები კანონის შესაბამისად გასამართლდებიან.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში ყველა ფორმის დისკრიმინაცია კანონითაა შეზღუდული, თუმცა, ქვეყანაში ლგბტ თემის წევრების მდგომარეონა კვლავ გამოწვევებითაა აღსავსე, ამის ტრაგიკული მაგალითია 2021 წლის 5 ივლისის მომხდარი ძალადობრივი თავდასხმა 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან აქტივისტზე, რამაც თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი მარშის გაუქმება გამოიწვია. ამ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ ორგანიზატორები და კანონდამრღვევები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებებთან თანხვედრით გასამართლდებიან". - წერია განცხადებაში.

პარალელურად, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, უკანასკნელი ორი არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით და ასევე, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე. გარდა ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გამოიძიონ საზოგადოების წევრებისა და დიპლომატების უკანონო მოსმენის საქმე.

"შეხვედრის დროს ასევე ვისაუბრეთ ჩვენს შეშფოთებაზე 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია აღწერილი; უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის უწყვეტ პროცესზე; სხვა სასამართლოებში გატარებულ რეფორმებზე; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევ გაუქმებაზე; და საკონსტიტუციო რეფორმების ნელ ტემპზე. ამასთან, ჩვენ შევახსენეთ, რომ საქართველოს საზოგადოებისა და დიპლომატების დიდი ნაწილის უკანონო მოსმენების შესახებ დაწყებულმა გამოძიებამ გაჩენილ კითხვებს ახლო მომავალში კონკრეტული პასუხები უნდა გასცეს". - წერს კალიურანდი.

ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური და მედია მხარეების პოლარიზაცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და ჟან მონეს დიალოგის ფორმატში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებით, ჩვენთვის თვალნათელია, რომ პოლიტიკური და მედია მხარეების პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მიღწეული შეთანხმება, საქართველოს სთავაზობს ევროპულ გზას ძლიერი დემოკრატიის აშენებისა და კანონმდებლობის გამყარებისკენ, რაც ქართველი ხალხის ინტერესებს შეესაბამება. ევროპარლამენტი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას ჟან მონეს დიალოგის გამოყენებისთვის, როგორც გზის, რომელიც ხელს შეუწყობს კონსტრუქციულ თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტის წევრ პარტიებს შორის". - წერია განცხადებაში.

კომენტარები