სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა

ღარიბაშვილი: 1 მარტიდან დავიწყებთ სოციალურად დაუცველების დასაქმების მასშტაბურ პროგრამას

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება და მასში 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფი 200,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი ჩაერთვება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მოხუცებსა და შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება. მაგრამ, შრომისუნარიან ადამიანებს ესაჭიროებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება. ამიტომ, ამ მიზნით, ჩვენ 1 მარტიდან დავიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარ პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას. საზოგადოებრივი სამუშაოები იქნება სპეციალური სამიზნე ჯგუფებისთვის და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარი პირები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200,000-ზე მეტი ადამიანი." - თქვა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის დაპირება გასული წლის ნოემბერში გასცა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ეკონომიკის მოქმედი მინისტრი, ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები