პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად მხარი ლელა ჯანაშვილს დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მხარი ლელა ჯანაშვილს დაუჭირა. ჯანაშვილმა 7 ხმა მიიღო, ხოლო მეორე კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ – 2.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მის ბაზაზე შექმნილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა ხელმძღვანელობის კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში უსმენდა.


25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელით მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა. საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები