საქართველოს ეროვნული მუზეუმი

"ეროვნული მუზეუმი კონკურსში გამარჯვებული 13 პროექტის დაფინანსებაზე უარს ამბობს" – სალაძე

იურისტის, სულხან სალაძის ინფორმაციით, ეროვნული მუზეუმი რუსთაველის ფონდში გამარჯვებული 13 პროექტის დაფინანსებაზე უარს ამბობს. მისივე ინფორმაციით, გამარჯვებულ პროექტებში, მინიმუმ, ორია ისეთი, რომლის ავტორებიც სამუზეუმო სისტემიდან და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული მეცნიერები არიან. 

სალაძე საქართველოს ეროვნული გალერიისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის მიერ რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორისთვის, ჯაბა სამუშიასთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. წერილში ახალბედაშვილი ამტკიცებს, რომ პროქტები დასაფინანსებლად ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ დირექტორატის გვერდის ავლით გაგზავნა და ამის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს.   

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 1-ელ თებერვალს გამოცემული ბრძანებით, კვლევით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება. ბრძანების თანახმად, დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ სამინისტროსაც უნდა ეცნობოს.

"მოცემული ვითარება მით უფრო მიუღებელია, რომ 13 საგრანტო პროექტიდან რამდენიმე იმ მუზეუმთა ჯგუფის ფონდებში კვლევას გულისხმობს, რომელთა მართვაზეც მე გახლავართ პასუხისმგებელი. 

ამასთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1-ლი თებერვლის N05/02 ბრძანებით განისაზღვრა, რომ მიღებული გრანტის თანხის გამოთხოვის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს დირექტორატმა. მიუხედავად ნორმატიული აქტის იმპერატიული მოთხოვნისა, 2022 წლის 7 თებერვლის N01/120 წერილით თქვენ მოგმართათ ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, კვლავ დირექტორატის კვლავ დირექტორატის გვერდის ავლით და წარმოგიდგინათ ცნობა საგადასახადო დავალიანების არასებობის შესახებ და მოგმართათ თხოვნით, საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროქტებისთვის გაფორმებულიყო ხელშეკრულებები. აღნიშნული მომართვის წერილი, ისევე, როგორც თავდაპირველად გამოგზავნილი პროექტები, წარმოდგენილია ნორმატიული აქტით დადგენილი პროცედურის უხეში დარღვევით. 

ნიკა ახალბედაშვილი წერს, რომ დირექტორატმა გრანტის თანხების გამოთხოვის მიზანშეწონილობის საკითხზე 7 თებერვალს იმსჯელა და 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არცერთ პროექტზე ფონდიდან გრანტის თანხის გამოთხოვა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. ახალბედაშვილი მიზეზად ასახელებს, რომ საგრანტო პროექტები და გენერალური დირექტორის მიერ 2022 წლის 7 თებერვალს გაგზავნილი წერილი პროცედურების დარღვევით არის გაგზავნილი.  

სულხან სალაძის შეფასებით, დღეისათვის, ეროვნული მუზეუმის ყველა პროექტი საფრთხეშია. 

"დირექტორატის უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მეცნიერებასა და სამუზეუმო საქმეზე თავდასხმა გრძელდება. ათეულობით მეცნიერი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს, ხოლო ეროვნულმა მუზეუმმა მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსება დაკარგოს". - წერს სალაძე. 

კომენტარები