შქმერი

სამინისტრომ სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია შეაჩერა

მთის ამბები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია შეჩერებულია. სააგენტოს განცხადებით, მომპოვებელი კომპანიების – ტექნოლოჯი 2021-ისა და მნ ნორთის შემოწმების შედეგად პირველ მათგანთან ცალკეული სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოავლინეს, ხოლო მნ ნორითს სალიცენზიო საქმიანობა არც დაუწყია. 

"გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.

ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს ტექნოლოჯი 2021-ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია". – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზია აღარ გაიცემა.

ტექნოლოჯი 2021-ს სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2021 წლის 9 ივლისს მიენიჭა. კომპანიას ლიცენზია ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მისცა.

თვეების განმავლობაში შქმერის მოსახლეობა სოფელში წიაღისეულის მოპოვებას აპროტესტებდა და კომპანიებისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვდა. მათი თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მათ საცხოვრებელ გარემოს შეუქცევადად დააზიანებდა. ისინი რეგიონებსა და თბილისში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა 6 თებერვალსაც.

კომენტარები