GWP

GWP-ის 80%-იანი წილის მფლობელი ესპანური კომპანია Aqualia გახდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) 80%-იანი წილის მფლობელი ესპანური კომპანია აქუალია (Aqualia) გახდა. დარჩენილ 20%-იან წილს კი ისევ კომპანია საქართველოს კაპიტალი ფლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

"საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის შვილობილი კომპანიის Georgia Global Utilities-ს (GGU) სტრატეგიული ინვესტორი და პარტნიორი, მსოფლიოში წამყვანი ესპანური კომპანია აქუალია (Aqualia) ოფიციალურად გახდა. აქუალიამ 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც შეიძინა კომპანია Georgian Water and Power-ის 80%-იანი წილი. დანარჩენი 20%-იანი წილის ფლობას კვლავ საქართველოს კაპიტალი განაგრძობს.

180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორსა და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აქუალიას აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და საქართველოს კაპიტალის გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ონლაინ-შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა". - წერია საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე.

GWP წყალმომარაგებით თბილისისა და მცხეთის მოსახლეობას 1997 წლიდან უზრუნველყოფს. კომპანია სულ 510 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 480 000-ზე მეტი საყოფაცხოვრებო და 30 000-ზე მეტი არასაყოფაცხოვრებო აბონენტია.

კომენტარები