დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფსაკიმ პუტინი შეადარა საქათმის სახურავზე მჯდომ მელას, რომელიც ყვირის, რომ ქათმების ეშინია

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეადარა მელას, რომელიც საქათმის სახურავზე ზის და იძახის, რომ ქათმების ეშინია.

"არ ვიცით პრეზიდენტი პუტინი რას გააკეთებს. ჩვენი პასუხისმგებლობაა და მნიშვნელოვანია დიპლომატიისთვის კარის ღიად დატოვება. ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიქნებით ერთგული ჩვენი ღირებულებებისა, რომლებიც მოიცავს ჩვენსა და NATO-ს ქვეყნების რწმენას, რომ NATO-ს წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს, ვის შეეძლება გაწევრიანება და ამის კარი ღია უნდა დარჩეს.

სახელმწიფო მდივანმა [ენტონი] ბლინკენმა მსგავსი ანალოგიები წარსულშიც გამოიყენა. როცა მელა საქათმის სახურავიდან ყვირის, რომ ქათმების ეშინია, რასაც ისინი ახლა არსებითად აკეთებენ, ეს შიში არაა ფაქტის დადასტურება. როდესაც უყურებთ პრეზიდენტი პუტინი როგორ ყვირის უკრაინისა და უკრაინელების შიშზე, ეს არაა ფაქტის დადასტურება. ვიცით ვინცაა მელა ამ შემთხვევაში. ვიხილეთ საზღვრებთან სამხედროების რიცხვის ზრდა, სამხედროების ბელარუსში გადაადგილება", – თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს, ვლადიმირ პუტინმა უნგრეთის პრეზიდენტთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინას კიდევ ერთხელ დააბრალა რუსეთისთვის საფრთხის შექმნა. მისი თქმით, უკრაინელებს დოქტრინულ დოკუმენტებში უწერიათ, რომ აპირებენ ყირიმის დაბრუნებას, სამხედრო მეთოდებითაც კი. 

"წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრია და გატენილია იარაღით, განთავსებულია თანამედროვე მოიერიშე სისტემები, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში, ვინ დაუშლის, და იწყებს ოპერაციას ყირიმში, დონბასზე აღარც ვლაპარაკობ. ეს (ყირიმი) არის რუსეთის სუვერენული ტერიტორია, ჩვენთვის ამ მხრივ საკითხი დახურულია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციას. ჩვენ რა, NATO-ს ბლოკს ვებრძოლოთ?", – თქვა პუტინმა პრესკონფერენციაზე. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები