იტალია

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა პარლამენტმა მეორე ვადით აირჩია

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა პარლამენტმა მეორე ვადით აირჩია. მატარელა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში ყოფნას აღარ გეგმავდა, თუმცა, პოლიტიკურმა ლიდერებმა მას მეორე ვადით თანამდებობაზე დარჩენა სთხოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატარელა პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ დაარწმუნა, ქვეყნის სტაბილურობისთვის მეორე ვადით გამხდარიყო პრეზიდენტი.

იტალიის მმართველი კოალიციის წევრები მატარელას მეორე ვადით არჩევაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა და რეგიონულმა დელეგატებმა პრეზიდენტის შემცვლელის არჩევისას კომპრომისს ვერ მიაღწიეს. კენჭისყრა 7-ჯერ წარუმატებლად ჩატარდა. მერვე კენჭისყრის შემდეგ მატარელა ოფიციალურად აირჩიეს მეორე ვადით.

მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის, Forza Italia-ს წარმომადგენელმა ანტონიო ტაჯანიმ BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მატარელა ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელზეც პარლამენტარების უმეტესობა თანხმდებოდა.

"მატარელა თავის ფუნქციებს უნაკლოდ ასრულებდა. სხვა კანდიდატებზე პოლიტიკური თანხმობის არარსებობის პირობებში, სწორია, რომ ბალანსის წერტილი კვლავ ის არის." – თქვა ტაჯანიმ.

კენჭისყრის შემდეგ იტალიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და ჯანდაცვის გამოწვევების ფონზე პასუხისმგებლობას გრძნობდა, თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩენილიყო და ერის წინაშე ვალი მის პირად არჩევანზე უფრო მნიშვნელოვანია.

პრემიერმინისტრ დრაგის თქმით, მატარელას მეორე ვადით არჩევა იტალიელებისთვის შესანიშნავი ახალი ამბავია.

"მადლობელი ვარ პრეზიდენტის, რომ დათანხმდა პარლამენტის ძლიერ სურვილს, ის მეორე ვადით აერჩიათ." – თქვა დრაგიმ.

ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა თანამდებობაზე 80 წლის სერჯო მატარელა 7-წლიანი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე. არსებობს ვარაუდი, რომ მატარელა შეიძლება 2023 წელს არჩევნების შემდეგ გადადგეს და პოსტზე მარიო დრაგიმ ჩაანაცვლოს.

იტალიაში პრეზიდენტის როლი დიდწილად ცერემონიულია, თუმცა მას პარლამენტის დაშლის, პრემიერმინისტრის დანიშვნის და სუსტი კოალიციებისთვის მანდატის მიცემაზე უარის თქმის უფლებამოსილება აქვს. ბოლო წლებში იტალიაში მმართველი კოალიცების დაშლის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების დროს მატარელა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე დადებითი გავლენა ჰქონდა. გასულ წელს პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტეს თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მატარელამ მარიო დრაგის მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა და ქვეყანას ახალი პოლიტიკური კრიზისი აარიდა.

კომენტარები