სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა Evolution Georgia-ში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

Evolution Georgia / Facebook

სახალხო დამცველმა კომპანია Evolution Georgia-ში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. ომბუდსმენის ინფორმაციით, კოლეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა დასაქმებული და მას შეურაცხყოფა მიაყენა. სახალხო დამცველის შეფასებით, დასაქმებულისათვის ტელეფონის ნომრის გამორთმევამ, სექსუალური შინაარსის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნამ და სხვა თანამშრომელთან მისი ცხოვრების სექსუალურ ჭრილში დამამცირებელმა შეფასებამ განმცხადებელს მტრული გარემო შეუქმნა.

სახალხო დამცველმა შემავიწროებელს და Evolution Georgia-ს რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენმა კომპანიას მოუწოდა, რომ მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები და გადადგას პროაქტიული ნაბიჯები, მათ შორის, მოამზადოს და დანერგოს სექსუალური შევიწროების შიდა პოლიტიკის დოკუმენტი და იმუშაოს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე.

ომბუდსმენის რეკომენდაციაში თანდართულია განმცხადებლის მიერ სექსუალური შევიწროების ამსახველი შეტყობინების ტექსტი.

"განმცხადებლის მითითებით, 2021 წლის 12 თებერვალს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ფეისბუქზე დადო სთორი, რომელზეც გ. კ.-მ არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა. "პირი დაკუმე ბუზი არ შეგიფრინდეს. ისედაც ლამაზი და მიმზიდველი ხარ არ გინდა ხელოვნურად პირის გაღებები და მკერდის გამოჩენები, რაც დაფარულია ის ყოველთვის უფრო ლამაზი და მიმზიდველია. ასე ძაან გეჩქარება გათხოვება? ის რომ ჭამო რაღაც კვერიები? გზაჯვარედინზეაო ლედიმ რო გაჩითა ნანუკას შოუში". – წერია სახალხო დამცველის მიერ შედგენილ დოკუმენტში.

სახალხო დამცველის ცნობით, არ იზიარებს კომპანიის პოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სექსუალური შევიწროების დასადგენად და მიიჩნევს, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

კომენტარები