NDI-ის კვლევა

მელია NDI-ის კვლევაზე: თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ნიკა მელია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ უახლესი კვლევის შედეგებს ეხმაურება. მელიას თქმით, კვლევის ჩატარებისას რესპონდენტთა დაბალი აქტიურობის გამო, შედეგები რეალობას ზუსტად ვერ ასახავს. 

"პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი ფაქტიურად არ არის განსახილველი, უარების ძალიან, ძალიან მაღალი % ის გამო (58% უარი პასუხზე). ამასთანავე, შეგვიძლია მცირე შედარება მოვიყვანოთ NDI-ის შარშანდელ (ივლისის) შედეგებთან, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 6% . ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ საკითხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს - ერთი კი ფაქტია, ის რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს, ხოლო ყოველი არჩევნები ნაციონალური მოძრაობის მზარდ რეიტინგს ადასტურებს". – თქვა მელიამ

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ კვლევის მიხედვით, მთავრობა და ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ და საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის მთლიანად შეცვლა.

 "ასევე,მოსახლეობის უმეტესობა მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, მიიჩნევს, რომ არც მთავრობა და არც ოპოზიცია მოქმედებს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პარტიათა შორის თანამშრომლობას (80%). მოკლედ, ზუსტად ეს საკითხები განსაზღვრავს ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პარტიის (და არა მხოლოდ ჩვენი) მიერ ბოლოდროინდელ არჩეულ სტრატეგიას, ვიყოთ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ანუ ყოველი დღე იყოს საარჩევნო კამპანიის მსგავსი. თუ მაქსიმალურად ვიხელმძღვანელებთ ამ ხალხის პრიორიტეტებით და არა ვიწროპარტიული ინტერესებით - ყველაფერი გამოგვივა. სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია". – ამბობს მელია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია.  

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, 58%-ის პასუხია - არცერთი პარტია/არ ვიცი/უარი პასუხზე, 24%-ის პასუხია ქართული ოცნება, 9%-ის - ენმ, 8%-ის კი სხვა.  

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია. 41%-მა არცერთი პარტია არ დაასახელა, 17%-მა თქვა, რომ არ იცის, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. 

ამავე კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.  

კითხვაზე, წარმოიდგინონ, რომ არსებობს პარტია, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მოსწონთ, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას, რომ ამ პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მათთვის მიუღებელი იყოს, 80% ამბობს, რომ ეთანხმება, 8% არ ეთანხმება, 10%-მა არ იცის, 1% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. 

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. ინტერვიუები ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ დარუსულ ენებზე ჩატარდა. 

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. 

.

კომენტარები