ვარკეთილის მეტრო

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარევაჭრობა

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა და სამგორის რაიონის გამგებელს პრობლემის მოგვარება დაავალა. 

კალაძის თქმით, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სპეციალური სავაჭრო სივრცეები და მოქალაქეებმა, რომლებიც გარეთ ვაჭრობენ, ამ სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.  

"ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკაშირებით, რომ  მეტროსადგურ ვარკეთილის ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.  კერძოდ, თემა ეხება გარე მოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები. მინდა, დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გარეთ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისი მიზნით, გამოყოფილ სივრცეში გადაინაცვლონ".- თქვა კალაძემ. 

კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს ვარკეთილის მეტოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაავალა.

"კერძოდ, ტროტუარის, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და სათანადო გამწვანების სამუშაოების წარმოება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი შემოვიდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა. დაეხმარეთ სავაჭრო სივრცეების დირექციასთან კომუნიკაციაში, რომ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში განაგრძონ".- ამბობს კალაძე. 

კომენტარები