გირჩი - მეტი თავისუფლება

ჯაფარიძე შსს-ს: მე-10 დღეა CBD-ის შემცველი ზეთი შემოვიტანე, ჩემს ინტერესშია, რომ საქმე აღძრათ

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წერს, რომ მე-10 დღეა, რაც ესპანეთიდან CBD-ის (კანაბიდიოლი) შემცველი ზეტი შემოიტანა და საზღვარზე პრობლემა არ შეჰქმნია. ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის ინტერესშია, საქმე აღიძრას, რათა გაირკვეს, რას ედავება სახელმწიფო ადამიანებს, რომლებიც ან აქ აწარმოებენ, ან შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია.

"დღეს გადის მე-10 დღე რაც ესპანეთიდან შემოვიტანე CBD-ის შემცველი ზეთი. საზღვარზე არ შემქმნია რაიმე პრობლემა. CBD, იგივე კანაბიდიოლი, ნივთიერებაა რომელსაც შეიცავს მცენარე კანაფი და რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2017-2018 წლის ანგარიშების მიხედვით:

  • ა) ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით სრულიად უვნებელია
  • ბ) არ ახასიათებს ფსიქოაქტიური ეფექტი
  • გ) არ იწვევს დამოკიდებულებას
  • დ) შეუძლებელია მისი ბოროტად გამოყენება
  • ე) განსხვავებით THC-სგან, რომელსაც ასევე შეიცავს მცენარე კანაფი, CBD-ს არ ახასიათებს ‘დაბოლების’ ეფექტი, პირიქით, ამცირებს ასეთ ეფექტს
  • ვ) ეფექტურია ეპილეფსიის მკურნალობის თვალსაზრისით როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში და ცხოველებში
  • ზ) არსებობს წინასწარი მონაცემები, რომ შესაძლოა ეფექტური იყოს ალცჰაიმერის, სიმსივნეების, ფსიქოზების, პარკინსონისა და სხვა მძიმე დაავადებთან მიმართებაში

უკვე არაერთ ქვეყანაში CBD-ს შემცველი პროდუქტები იწარმოება, იყიდება და გამოიყენება როგორც საკვები დანამატი ან სამკურნალო საშუალება. CBD-ს ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში

საქართველოში, მიუხედავად ყველაფერი ზემოთ თქმულისა, სახელმწიფო დღემდე შერჩევითად უქმნის პრობლემებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზრდიან CBD-ს შემცველ კანაფს, შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია და/ან ახდენენ ასეთი პროდუქციის რეალიზაციას. ტრადიციულად, კანონმდებლობა გარკვევით და გასაგებად არაფერს ამბობს და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა იქცევა ისე, როგორც გაუსწროდებათ.

ამ ქვეყანაში უკვე ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომელიც იყენებს CBD-ს სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან გასამკლავებლად, და უამრავი ადამიანი, რომლისთვისაც CBD-ს მიღება შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი შვებისმომგვრელი. CBD-ს მიღებისა და მისი შემცველი პროდუქციის დამზადება/რეალიზაციის მთელი ციკლი უნდა იყოს ლეგალური.

10 დღის წინ შემოვიტანე CBD-ს ზეთი ქუთაისის აეროპორტის გავლით. ერთი ქილა ვაჩუქე მეგობარს (რეალიზაცია მოვახდინე). მაინტერესებს, რომელი კანონების რომელი მუხლები დავარღვიე (თუ რამე დავარღვიე). ჩემს ინტერესშია, რომ აღძრათ საქმე და გავარკვიო რას ედავებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ან აქ აწარმოებენ ან შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია. არ გაგიჭირდებათ ჩემი პოვნა.

თუ ჩემთან მიმართებაში არ გექნებათ რეაქცია, ამ შემთხვევას გამოვიყენებ მომავალში ყველა იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც პრობლემას შეუქმნით CBD-ს შემცველ პროდუქტებთან რაიმე შემხებლობის გამო". – წერს ზურა ჯაფარიძე.

გირჩი – მეტი თავისუფლებამ შმაფთიაქის შექმნა 2021 წლის დეკემბერში დააანონსა. პარტია თურქეთიდან წამლების იმპორტის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა და განაცხადა, "რადგან ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ იცის რატომაა თურქეთში წამლები უფრო იაფი, ჩვენ მას ამას ვაჩვენებთ. თუ ამ პროცესში სადმე გავიჭედებით, გავიგებთ სადაა პრობლემა".

მთავრობის განკარგულებით, 17 იანვრიდან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელი გახდა.

კომენტარები