პოლიციელების ძალადობა

შსს: ვიდეოს გავრცელებისთანვე, სადაც პოლიციელის შესაძლო დანაშაული ჩანს, მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ადამიანს ურტყამს და წერს, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის  მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს", - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

"2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - წერს სამსახური.

კომენტარები