დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტრატეგიად ვერგადაქცეული დასავლური იდეალების კრიზისი – ინტერვიუ დამირ მარუშიჩთან

დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტრატეგიად ვერგადაქცეული დასავლური იდეალების კრიზისი – ინტერვიუ დამირ მარუშიჩთან

უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროებისა და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრა გრძელდება, სიტუაცია კვლავ დაძაბულია და ჯერჯერობით განმუხტვის შესაძლებლობა არ ჩანს. პარალელურად, ამ საკითხის გარშემო გაუარესდა ურთიერთობა ვაშინგტონსა და მოსკოვს, NATO-სა და რუსეთს შორის. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს.

ამ კრიზისთან დაკავშირებით ტაბულა ესაუბრა ანალიტიკური ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელს, ავტორსა და ევროპაში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის, ასევე ბალკანეთის რეგიონის ექსპერტს, დამირ მარუშიჩს. 

– როცა დაძაბულობა მატულობს, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან კვლავ თავს უყრის სამხედროებს, რამდენად რეალურია ომის სცენარი და როგორ შეუძლია დასავლეთს რუსეთის აგრესიის შეჩერება? და, რა უნდა ქნას დასავლეთმა რუსეთის სამომავლო აგრესიების შესაჩერებლად? თუ შეეძლო თავისუფალ სამყაროს კრემლის აგრესიული საგარეო პოლიტიკის შეჩერება?

– რთული შეკითხვაა. დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ვშიშობ, თუ რუსები უკრაინაში რაღაცის გაკეთებას სერიოზულად აპირებენ, დასავლეთს არ შეეძლება სწრაფი აგრესიის შეკავება. გამოწვევა დასავლეთისთვის და ბოლო თვეებში ყველაზე ცუდი ხელის თამაშის მომენტი, არის ის, რომ უკრაინის კრიზისს მიუდგნენ დეესკალაციის კუთხით, დაძაბულობის გაზრდის ნაცვლად. ვფიქრობ, ასე რთულ პოზიციაში აღმოჩნდნენ. მგონი დასაწყისიდანვე ცხადი იყო, იქამდეც კი, სანამ რუსები დეკემბრის შუა რიცხვებში მოთხოვნებს წამოაყენებდნენ, რომ რუსეთის შეკავება რთული იქნებოდა. დასავლეთს უყვარს სანქციებზე, როგორც ძლიერ მექანიზმზე საუბარი, მაგრამ მგონი ნათელია, რომ რუსები სანქციების გადახდას შეეჩვივნენ და დარწმუნებული ვარ, უფრო დიდ საზღაურს არ გადაიხდიან.

რუსული ჯავშანტექნიკა ყირიმში, 2022 წლის 18 იანვარი
AP News

ესკალაცია დეესკალაციაზე უპირატესია. ესკალაციაში კი ვგულისხმობ, რომ დასავლეთს უნდა გაეგო თუ რას ცდილობს რუსეთი და NATO-ს წევრ ქვეყნებში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციები გაემყარებინა. სანამ რუსეთი უკრაინის გარშემო ესკალაციას გააგრძელებდა, NATO იგივეს იზამდა ევროპის პერიფერიებში. არანაირი საუბარი და დიალოგი არ უნდა შემდგარიყო, სანამ რუსეთი კეთილსინდისიერად არ ეცდებოდა უკრაინის გარშემო დეესკალაციას. ვფიქრობ, ეს უკეთესი იქნებოდა, რადგან რუსეთს უკრაინაში რაც არ უნდა გაეკეთებინა, დასავლეთი ალიანსშივე უფრო ძლიერ პოზიციებზე იქნებოდა. ალიანსი ახლა გაურკვევლობის ნიშნებს გზავნის. მათ გამო რუსეთს დასავლეთში მეტი ქაოსის გამოწვევის შესაძლებლობა ეძლევა, უკრაინაზე ესკალაციის მოდულირებითა და ალიანსის დასუსტებით.

– დასავლეთში საუბრობდნენ რუსეთსა და პუტინის ახლო წრისთვის უპრეცედენტო სანქციების დაწესებაზე, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში. მაგალითად, ევროპული პარლამენტის რეზოლუციაში ნახსენები იყო რუსეთის SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან გარიცხვა. ეს რუსული კომპანიებისთვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ საკმარისია უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესაჩერებლად? რას ფიქრობთ ზოგადად სანქციებზე? მუშაობს ეს მეთოდი კრემლის წინააღმდეგ?

– არ მგონია, რომ სანქციები კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც დასავლეთი დგას, არის ის, რომ ის სანქციებს იწყებს მაშინ, როცა აღარ აქვს გრძელვადიანი სტრატეგია ან პოლიტიკა. ჰგონიათ, რომ ეს იმაზე უკეთესად მუშაობს, ვიდრე სინამდვილეში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანქციებზე არ უნდა ვიფიქროთ და ისინი გამოუსადეგარია. ისინი უფრო დიდი სტრატეგიის, შეკავებისა და იძულების ფარგლებში მნიშვნელოვანია.

SWIFT-დან გარიცხვა ახსენეთ. მგონია, რომ აქ სახიფათო იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების სისუსტე, ამ სანქციის ძალაში მოყვანასთან დაკავშირებით. ვეჭვობ, განსაკუთრებით თუ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა მოდელირებული იქნება, როგორც არასრულად სახმელეთო შეჭრა, ევროპელებისგან დიდ ზეწოლას ვიხილავთ, რომ სანქციები სრული ძალით არ გაატარონ, შესაბამისად, შეასუსტებენ მთელ ამ იდეას. ამ ზამთარში ევროპელები განსაკუთრებით ცუდ სიტუაციაში არიან, რუსულ ენერგიაზე გაზრდილი დამოკიდებულების გათვალისწინებით. ვეჭვობ, მთელი რიგი სანქციების მიღებაზე ზედმეტად ფრთხილად იქნებიან. ეს ფართო სახის შემაკავებელი სტრატეგიის გარეთ მყოფი მხოლოდ სანქციების ან “პირველ რიგში სანქციების” პოლიტიკის კიდევ ერთი სისუსტეა. 

– აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბოლო სიტყვამ უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრასთან" დაკავშირებით, მრავალი აღაშფოთა. თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად სერიოზულად უყურებს ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის საფრთხეს, რომლის წინაშეც უკრაინელი ხალხი დგას? და რა იქნება მათი პასუხი თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება?

– ამ განცხადების გულშემატკივარი არ ვყოფილვარ, ვთვლი, რომ შეცდომა იყო. თუმცა, პოლიტიკური სიტყვით გამოსვლის დროს დაშვებული ბევრი შეცდომა ჭეშმარიტების უნებლიე გამოვლინება არის ხოლმე. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გონებაში ცხადად აქვს გააზრებული გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას, რაც ალიანსის მიერ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის კამპანიის შენარჩუნებაა. ვფიქრობ, რაც ბაიდენმა უნებლიედ ხმამაღლა თქვა, რაც არ უნდა ეთქვა, ნიშნავს, რომ ალიანსში უკვე არის უთანხმოება ევროპელ პარტნიორებს შორის, თუ რა იქნება სანქციებით ზეწოლის მაქსიმუმი. ანუ, მათ გააზრებული აქვთ, რომ თუ რუსეთი სრულ შეჭრაზე მცირე მოქმედებას ჩაატარებს, რთული იქნება მთელი დასავლეთის ერთ აზრზე შეჯერება. როგორც ვთქვი, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი დიდი შეცდომაა - მოწინავე პოზიციის დაჭერის ნაცვლად, ევროპაში კატების მენახირეობის არჩევა. შედეგად გვაქვს ეს არეულობა. ბევრად უკეთესი იქნებოდა, ამერიკელები დასაწყისიდანვე აგრესიულები ყოფილიყვნენ, უარი ეთქვათ რუსეთთან შეხვედრაზე, ევროპის კონტინენტზე შფოთიც რომ გამოეწვია, ყოფილიყვნენ უფრო აგრესიულები NATO-ს პერიფერიებში სამხედროების რიცხვის გაზრდის მხრივ და რუსეთს ამ პოზიციიდან მიდგომოდნენ.

""მცირე შეჭრა" ერთია, თუმცა თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება" – თქვა ჯო ბაიდენმა

პრეზიდენტი ბაიდენის მიმართ სამართლიანი რომ ვიყო, განცხადების დასაწყისში ის ნაკლებად ორაზროვანი იყო და თქვა, რომ შეერთებული შტატების პასუხი ძლიერი და სასტიკი იქნება. “ძლიერი და სასტიკი” კვლავ მხოლოდ სანქციები იქნება და როგორც აქამდე ვთქვი, მაქსიმალური სანქციები, SWIFT-დან გამორიცხვის ჩათვლით, მარტივად გამორიცხვადია. 

ვფიქრობ, აშშ-ს მხრიდან ქმედება იქნება, თუმცა სამწუხაროა, რომ მიდგომა, რომლითაც მთელ ამ კრიზისს უყურებენ, ესკალაციის ნაცვლად დეესკალაციის მცდელობაა. ახლა, ამის შედეგად ასეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

– უკრაინის საკითხი კიდევ უფრო დიდ პრობლემად მას შემდეგ იქცა, რაც მან ერთი მხრივ აშშ-NATO-ს, მეორე მხრივ კი რუსეთის ისედაც მძიმე ურთიერთობები გააუარესა. რუსმა დიპლომატებმა ახსენეს ვენესუელასა და კუბაზე, აშშ-ს საზღვრებთან საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შესაძლებლობაც კი. ჩვენ ახალი ცივი ომის ეპოქაში ვცხოვრობთ თუ ეს რუსეთის სასოწარკვეთილი მცდელობაა, რათა თავი მსოფლიო ძალად და სსრკ-ს ნამდვილ მემკვიდრედ წარმოაჩინოს?

– გულწრფელად ვიტყვი, სამხედრო ანალიტიკოსი არ ვარ, რომ ვთქვა, ეს რამდენად დამაჯერებელია. რაღაც მხრივ, ვისურვებდი, მენახა მათი მცდელობა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გამოცდის პირისპირ მენახა, როდესაც მოუწევდათ იმაზე ცუდ სამყაროსთან გამკლავება, ვიდრე ის წარმოუდგენიათ. ეს თუ ბლეფი არაა, რუსეთისთვის ასეთი ნაბიჯის შედეგები მძიმე იქნებოდა. ამერიკელ ხალხს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მსგავსი აგრესიული კაცის არჩევის სიბრძნის გამოჩენის მცირეხნისწინანდელი მოგონება აქვთ და ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის დიდი მარცხი იქნებოდა. ეს რომ მოხდეს, შეერთებული შტატების შიგნით გამოიწვევს დიდ აჟიოტაჟს, არაპროგნოზირებადი შედეგებით. 

ბირთვული შესაძლებლობის ბალისტიკური რაკეტების რუსული სისტემა – PC-24 Ярс.
"არ მსურს არაფრის დადასტურება, აქ არც არაფერს გამოვრიცხავ", – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ვენესუელასა და კუბაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებაზე. შემდეგ კრემლში დაამატეს, რომ რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრობს.

პირადად, არ ვიცი ეს ტრაბახზე მეტად უნდა მივიღო თუ არა, მგონი, ტრაბახია. ვფიქრობ, ასე რუსეთი ზედმეტად გადაიტვირთება, შეერთებული შტატების ზღურბლთან რაკეტების გავრცელება უფრო რიტორიკული ბაქიბუქია, რათა უკრაინისა და NATO-ს საკითხს ხაზი გაუსვან. ასე რომ, ძალიან არასერიოზულად ვუყურებ. როგორც ვთქვი, ვნახავდი, ამას როგორ ცდილობენ.

– გასულ თვეს ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ თუ ომი დაიწყება, "ბელარუსი გვერდზე არ გადგება". თუ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი დაიწყება, რას ფიქრობთ, რა იქნება ბელარუსის როლი ამ ომში?

– ვხედავთ სამხედროების გადაყვანას ბელარუსში, რაც წვრთნების სახით ინიღბება. გააჩნია, რაა რუსეთის რეალური გეგმა უკრაინასთან მიმართებითი, შეჭრის რა ტიპი, ზეწოლის რა დონე და თავდასხმის შემთხვევაში რა იქნება მთავარი მიზნები. ცხადია, უკრაინაზე ბელარუსის მხრიდან წვდომა რუსეთისთვის დიდი სამხედრო სარგებელი იქნება. ჩემი აზრით, ლუკაშენკო ამას “მწვანე შუქს” უნთებს. არ ვიცი, რამდენად შეუძლია მას მსგავსი რამის [ბელარუსის ტერიტორიის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების] დაბლოკვა. ევროკავშირთან მისი ბოლო უთანხმოების შემდეგ, როგორც ნამდვილად ჩანს, ის კიდევ უფრო დაუახლოვდა რუსეთს. ასე რომ, არ გამიკვირდება, ბელარუსმა რუსეთს სამხედრო ოპერაციისთვის პლაცდარმი მისცეს.

– მოსკოვის ნებისმიერი სახის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საგანგაშო უნდა იყოს რუსეთის ყველა მეზობლისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომლის 20%-ს რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. როგორ შეიძლება, იმოქმედოს საქართველოზე უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ? რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ ახლა, როცა რუსეთი აშშ-სგან და NATO-სგან ცხადად ითხოვს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობის უკან წაღებას. 

– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მრავალგვარად შემიძლია. ერთი მხრივ, არ მგონია [NATO-ს] ღია კარის პოლიტიკა შეიცვალოს, საერთოდ არ მგონია ეს შესაძლებელი. დახურულ კარს მიღმა რა სახის საუბრებიც არ უნდა მიმდინარეობდეს, საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების რეალობა შორსაა, არა მხოლოდ აშშ-ს პერსპექტივიდან, არამედ ალიანსის ფართო თვალთახედვით. რაც არ უნდა იყოს რეალობა, ღია კარის პოლიტიკის გაუქმება, განცხადების სახით, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ხელშესახებად არაფერი შეიცვლება.

არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინა რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ეს აგრესიისთვის მის დაუყოვნებელ გამოთვლებს განაპირობებს. რუსეთის რეალური ხედვა, ესკალაციის ნამდვილი მიზანი NATO-ს დისკრედიტაცია და დასუსტებაა. ვფიქრობ, ეს თავდასხმა რომ მოხდეს, დიდი გავლენა ექნება, რადგან დასავლეთი გვერდზე უსუსურად მდგომად გამოჩნდება. გასაოცარი ხარისხის გროტესკულ სიტუაციაში იქნება, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს იყო. მგონია, ამ ყველაფრის არსი ესაა, დემონსტრაციული ეფექტის მოხდენა. 

ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, რომელზეც ვფიქრობდი - როგორი ეფექტი ექნება ასეთ შეჭრასა და უმწეობის დემონსტრირებას? კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რუსეთთან ესკალაციის ნაცვლად დეესკალაციის მცდელობით, ამერიკული პოლიტიკა ბოლო ორ თვეში გაუარესდა. მაინტერესებს, უმწეობის ეს დემონსტრაცია როგორ იმოქმედებს საზოგადოების მოსაზრებაზე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც ტრადიციულად ძალიან პრო-NATO-ური პოზიციისაა. ამაზე ძალიან ვღელავ. საინტერესოა, ამის შემდეგ როგორი იქნება პოლიტიკა საქართველოში. შეიძლება, რუსებს ტყუილად მივაწერ, რომ უკრაინაზე აგრესიის დაგეგმვის პარალელურად ამ ყველაფერზე ფიქრობენ, თუმცა, რომც არ ფიქრობდნენ, მგონია, შედეგი მაინც ეს იქნება.

საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ძალიან არაოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ასეთი დაძაბულობა საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაზე იმოქმედებს ისე, რომ გამბედაობა შეემატოს, დასავლეთთან უფრო დაახლოვდეს. სპეკულაციისთვის საკმარისი არ ვიცი, რომ ვთქვა, რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ქართველ ხალხზე.

– სანამ ჩვენი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, ბალკანეთში ავისმომასწავებელი ძვრები მიმდინარეობს. ბოსნიელი სერბების ლიდერსა და პუტინის ახლო მოკავშირეს, მილორად დოდიკს ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სერბული სტრუქტურების გამოყოფა სურს. ეს 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების მძიმე დარღვევა იქნება და, შესაძლოა, ბალკანეთში კიდევ ერთი სისხლისღვრა წარმოქმნას. რას ფიქრობთ, არის თუ არა ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი და შეიძლება თუ არა, რომ ბალკანეთი დესტაბილიზაციის მომდევნო სამიზნე გახდეს?

– თითქმის ყველაფერში გეთანხმებით, რაც თქვით, იმის გარდა, რომ, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ადგილობრივი აქტორების საკუთარი თამაშები, რითაც შემდეგ რუსეთი სარგებლობს. ვფიქრობ, ბალკანეთის პრობლემები საკმაოდ საშინაო ხასიათისაა. რუსეთი მართლაც აუარესებს ამ ყველაფერს, რადგან დიდ შესაძლებლობას ხედავს.

ვფიქრობ, საფრთხე მართლაც რეალურია და ვადა ამ წლის პირველი ნახევარია. თქვენს მკითხველს ალბათ ეცოდინება, რომ დოდიკმა, ბოსნიის სერბთა რესპუბლიკამ აიღო 6-თვიანი ვადა ამ ინსტიტუციებიდან გამოსასვლელად. მე მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს რამენაირად მოსკოვის ორკესტრირებულია, მაგრამ მოსკოვი მოვლენებს ძალიან ყურადღებით აკვირდება, რადგან ეს დასავლეთზე ფართო ზეწოლისთვის კიდევ ერთი წერტილია. ასევე, მგონია, რომ დასავლეთი ამ ყველაფერს უყურებს განცალკევებით, როგორც ცალკე მდგომ კრიზისს საკუთარი წესრიგის პერიფერიაში. დასავლეთს აზიანებს სავარაუდო, სტრატეგიული კავშირებისა და რუსეთის მიერ მსგავსი არეულობებით სარგებლობის შესაძლებლობების არდანახვა. სიტუაცია შეიცვალა და ამის არაღიარება, ან გვიან აღიარება მგონია, რომ საკმაოდ სახიფათოა.

2022 წლის 9 იანვარი, ბოსნიელი სერბები სერბთა რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ. ამ დღის აღნიშნვა ბოსნია-ჰერცეგოვინის კონსტიტუციით აკრძალულია. 1992 წლის 9 იანვარს ბოსნიელმა სერბებმა საკუთარი სახელმწიფოს დაარსება გამოაცხადეს, რამაც სისხლისმღვრელი ომი გამოიწვია და 1995 წლის დეიტონის შეთანხმებით დასრულდა.

ბალკანეთში ჯერ კიდევ შეიძლება ბევრი ისეთი ქმედება, რაც უკრაინის მსგავს ადგილებში, ან საქართველოში უკვე შეუძლებელია. დასავლეთს რეგიონში ჯარები დიდი რაოდენობით ჰყავს, რაც სტაბილურობის გარანტიაა. ამ საკითხს ამიტომაც უყურებენ მსუბუქად, ფიქრობენ, რომ დიდი ყურადღების ღირსი არაა, შეიძლება, ეს მომავალში ინანონ.

– ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ბალკანეთში მშვიდობა დასავლეთის კონტროლქვეშაა?

– ფაქტობრივად, კი. მგონია, ასეა. გასაოცარია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბალკანეთი როგორ ხდებოდა უფრო და უფრო ნაკლებად სტაბილური. ვფიქრობ, ეს გამოცდაა [დასავლეთისთვის]. როგორც ჩანს, შეერთებული შტატები ამ საკითხს სერიოზულად უყურებს. ცოტა ხნის წინ კოსოვოში აშშ-ს ელჩმა გააკეთა განცხადებაც, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა კემპ-ბონდსტილში აშშ-ს ყოფნაზე, ასევე აშშ-ს სპეციალურმა ძალებმა ამ თვეში ალბანეთში ბაზა გახსნეს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ნიშანი, რომ აშშ რეგიონში პირდაპირი ჩართულობის ერთგული მაინც რჩება. ბოსნია ამ მხრივ კვლავ დიდი კრიზისის წერტილია. იმედი მაქვს, ასეთი ხელშესახები ნიშნების გაგზავნა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რათა შეჩერდეს ასეთი [ბოსნიის მსგავსი] ტენდენციები, და საერთოდ, [იმედია] გაიგზავნება რაც შეიძლება ძლიერი სიგნალი, რომ აქ სტაბილურობა აღსრულდება. ძალიან სახიფათო იქნება, ეს რომ არ მოხდეს.

– ბოლო კითხვა. ხომ არ ხედავთ დასავლეთში რაიმე სახის პოლიტიკურ, სოციალურ, ან  კულტურულ კრიზისს, რომელსაც ვლადიმირ პუტინის ექსპანსიონიზმისთვის გზის მიცემა შეეძლო?

– ვფიქრობ, სხვა სახის კრიზისი არსებობს. ეს არის, ასე ვთქვათ, კრიზისი იმ თავისუფალი იდეალების, რომლებიც სტრატეგიად არასდროს გადავაქციეთ. ბალკანეთზე იკითხეთ და ამ მაგალითით განვმარტავ. მას შემდეგ, რაც იქ 1990-იანებში ომი დასრულდა, 2003 წლის თესალონიკის სამიტის შემდეგ დასავლეთი და განსაკუთრებით ევროკავშირი ამ [ბალკანეთის] ქვეყნებს პირდებოდა, რომ ყველა მათგანი მომავალში ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ამას ისე პირდებოდნენ, როგორც არასდროს დაპირებულან უკრაინას, საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ აქ პარტნიორობა გაფართოვდა. ეს იყო პირობა, რომელიც მსოფლიოს სხვა ნაწილში არ გვინახავს. ახლა ვხედავთ, რომ რეგიონში ეს პირობა ნაყოფს ვერ გამოიღებს, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში. ისევ, საუბარია კიდევ 10 წელზე, ხოლო პირობის დადებიდან გადის 10, 15, 20 წელი.

რეალობა ისაა, რომ დასავლური წყობის უტოპიურმა ამბიციამ უბრალოდ საკუთარი თავი ამოწურა. ეს ალბათ დაიწყო 2008 წლის ფინანსური კრიზისით, რასაც მოჰყვა პრობლემები, რომლებმაც ევროპაში კრიზისების კასკადი გამოიწვია. ამან, შეიძლება ითქვას, მიგვიყვანა თავდაჯერების კრიზისამდე, რაც კულტურულ შეჩერებაზე მიუთითებდა, მაგრამ ასევე, პროექტის ენერგიამ, არასტრატეგიულობამ, მოვლენებთან დაფიქრებულ მიდგომაზე უარის თქმამ და იმაზე მინდობამ, რომ სოციალური ცვლილება უბრალოდ მთელ მსოფლიოს მოედებოდა, თავი ამოწურა. ამას ფატალისტური ან პესიმისტური განზრახვით არ ვამბობ, განსაკუთრებით, როცა საქმე დასავლეთ ბალკანეთსა და ამ მოვლენის შედეგს ეხება. ვცდილობ, ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ შეუძლია დასავლეთს, იყოს უფრო სტრატეგიული, რომ ამ რეგიონებში ჩაერთოს, შეძლოს ინტეგრაცია და ჰქონდეს ურთიერთობა, რომელიც არ იქნება დაფუძნებული მხოლოდ დასავლური ღირებულებებისა და პროგრესის კატეხიზმოზე, ნაცვლად ამისა, იქნება პრაგმატული, რათა ცხოვრება ასეთ სიტუაციაში გაუმჯობესდეს და მოხდეს ამ რეგიონების ინტეგრაცია, არა მხოლოდ რწმენით, არამედ პოლიტიკით. ვიმედოვნებ, რომ ეს კრიზისები, რომლის ნაწილიცაა უკრაინაც, იქნება გამოღვიძების ზარი, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რათა პრაქტიკული მიდგომა გამოიმუშავონ. ეს არაა ცინიკური მიდგომა, არამედ არის უფრო პრაქტიკული და უფრო დეტალური, ვიდრე მხოლოდ ინსტიტუციებში გაწევრიანების პირობის მიცემა და იმის რწმენა, რომ ეს უბრალოდ გადაჭრის ყველა პრობლემას. დასავლეთს სჭირდება რეალური საგარეო პოლიტიკა, რომელიც იქნება მომხიბლავიც და ისეთი მყარიც, როგორიც აქამდე არ ყოფილა.

ასე რომ, ვფიქრობ, რასაც ახლა რუსეთი თავის სასიკეთოდ იყენებს, არის დასავლეთისთვის ცივი ომის შემდგომი იაფი საზღაურის პერიოდის დასასრული. მაგრამ არ მგონია, რომ ეს ამბის დასასრულია. ახლა არსებობს ყველაფრის გადააზრებისა და ამ კრიზისზე ახალი, უკეთესი გზით მიდგომის შესაძლებლობა.

კომენტარები