კორონავირუსი საქართველოში

სამინისტრო: COVID-19 მასწავლებელთა 0.8%- ს, ხოლო მოსწავლეების 0.1%-ს დაუდასტურდა

2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0.8%- ს, ხოლო მოსწავლეების 0.1%-ს დაუდასტურდა.

"კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი". – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ბოლო მონაცემებით, დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის
წარმომადგენელთა 73.5%.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის". – წერია განცხადებაში.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

კომენტარები